„საბოლოო ჯამში მრგვალ მაგიდას და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ახლა აქტიურობენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ისრაელის პრემიერი ნაფტალი ბენეტი. მსგავს მისიას ველოდებით ევროპისგან“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ევროკავშირი და ევროპული ქვეყნები არ არიან მზად, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგან, და არც არასდროს იყვნენ მზად. ზოგად დაპირებებს ჩვენ უკვე 25 წელია ვისმენთ. ერთ-ერთი მიზეზიც ისაა, რომ ევროპა კონფორმისტულია. აშშ-მა რუსულ ნავთობსა და გაზს დაუწესა სანქციები, ევროპამ კი თქვა, რომ მათ სჭირდებათ ნავთობი და გაზი. ეს იწვევს დაბნეულობას უკრაინაშიც და საქართველოშიც. სანქციები გასაგებია, რუსეთს მიადგება ზიანი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მაგალითად, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, ათწლეულებია, სანქციების ქვეშ ცხოვრობენ და იქ არც რეჟიმი შეცვლილა. ეს სანქციები რომ მუშაობდეს, უკვე ჩამოშლილი უნდა იყოს იქ ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მრგვალ მაგიდას და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ახლა აქტიურობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ისრაელის პრემიერი ნაფტალი ბენეტი. მსგავს მისიას ველოდებით ევროპისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ ჯერ არ ჩანს. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ევროკავშირმა უნდა მოახდინოს მაქსიმალური ზეწოლა ორივე მხარეზე, რომ დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე მაინც შეთანხმდნენ“, - ამბობს გოგავა.