ხერსონის რეგიონში რუსი ოკუპანტები ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის მიზნით „რეფერენდუმს“ ამზადებენ. უკრაინული მედიის ცნობებით, ამის შესახებ ხერსონის რეგიონული საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტები ხერსონის რეგიონული საბჭოს დეპუტატებს ურეკავენ, მზად არიან, თუ არა მათთან სათანამშრომლოდ.
„მივმართავ ხერსონის რეგიონული საბჭოს ყველა დეპუტატს. ძვირფასო კოლეგებო, დარწმუნებული ვარ, რომ გესმით თქვენი გადაწყვეტილების შედეგები. „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა ჩვენს რეგიონს უიმედო თხრილად გადააქცევს, სიცოცხლისა და მომავლის გარეშე. არ მისცეთ მათ არც ერთი ხმა. არ მისცეთ არანაირი შესაძლებლობა „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ ლეგიტიმაციისთვის. მთელი სახელმწიფო შემოგხედავთ და ოკუპანტებთან თანამშრომლობას ვერანაირი გამართლება ვერ ექნება. არ მჯერა, რომ თქვენთვის უარესი იქნება, ვიდრე ეს მარიუპოლის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის, ჰოსტომელის რიგითი მოსახლეობისთვის არის, რომლებიც ორი კვირაა, არაადამიანურ ტანჯვას განიცდიან, მაგრამ არ ნებდებიან. შედით უკრაინის ისტორიაში არა, როგორც მოღალატეები, რომლებიც არავის სჭირდება, არამედ რეალურად, როგორც მოქალაქეები, რომელთა სახელებს დაიმახსოვრებს მომავალი თაობა“, – განაცხადა სერგეი ხლანმა.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა, რომლის განცხადებით, ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის თაობაზე ფსევდორეფერენდუმის გამართვის ორგანიზატორებს, თანამზრახველებსა და შემსრულებლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.