logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: უკრაინაში ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე
- +

13 მარტი. 2022. 01:05

 

 

ამ რთულ ვითარებაში ეკონომიკაც გამოწვევების წინაშე დგას მთელს მსოფლიოში. ომი გადამდები ეფექტის მქონეა და ეს, რა თქმა უნდა, აისახება რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ ომის მონაწილე - რუსეთი, უკრაინა და გარკვეულწილად ბელორუსი. ეს არის სამი ქვეყანა, რომელიც საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორში შედის. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, რადგან მომავალში მოსალოდნელია გარკვეული ზიანი საქართველოს ეკონომიკის. ამ მომენტისთვის ძალიან რთულია კონკრეტული პროგნოზები გავაკეთოთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება, რამდენად მძიმე იქნება ეფექტები და როგორი იქნება სანქციების ეფექტები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოს მაკრო-ეკონომიკური გარემო სტაბილურია. „ჩვენ ამ მომენტისთვის ვსაუბრობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ალბათ ერთობლივად მოგვიწევს ანალიზი. რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული დაშვებები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროგნოზი გვაქვს. ამ მომენტისთვის მოვლენებს ჯერ კიდევ ვაკვირდებით. ჯერჯერობით, ეკონომიკური კუთხით წელი პოზიტიურად დაიწყო. იანვრის თვეში 18%-ზე მეტი ზრდა გვქონდა, ასევე გვქონდა რეკორდული სავაჭრო ბრუნვა და დღესდღეობით ჩვენი მაკრო-ეკონომიკური გარემო სტაბილურია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner