იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ერთიანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო სადაც ოპოზიცია ცდილობს როგორმე გაგვხადოს ამ აგრესიის სამიზნე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ხალხის გულწრფელი პროტესტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართონ.
„საქართველოში არის მეხუთე კოლონა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ისე დაძაბონ სიტუაცია, რომ ომში ჩაითრიონ, ცდილობენ სიტუაცია ისე დაძაბონ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ და რაღაცნაირად ხელისუფლებაში მოსვლა მოახერხონ და თუ ეს არ გამოუვათ, იმას მაინც ცდილობენ, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან საქართველოს, ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას სახელი გაუფუჭონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.