ირაკლი ბათიაშვილის თქმით, სავსებით ლოგიკურია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. ამ თემაზე პროფესორმა და ფილოსოფოსმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ბევრი ლაპარაკი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ სანქციებთან მიმართებაში პოზიციის დაფიქსირებას, რომ სანქციებს არ შევუერთდებით. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სავსებით ბუნებრივი, ლოგიკური და გასაგები. რა არის ამაში გაუგებარი? ეს არის ელემენტარული წინდახედულობა, ხელისუფლების სიფრთხილე. ზელენსკი და უკრაინელი ხალხი ბაიდენს ეხვეწება: ცა გადაკეტე, პოლონური „მიგ“-ები გამოგვიგზავნე. ორივეზე მყარად განაცხადა უარი ბაიდენმა. ამან გამოიწვია დიდი გაღიზიანება. მაგრამ სადაც აშშ, რომელიც დღეს უკრაინელების მთავარი იმედი და დასაყრდენია, იჩენს ასეთ წინდახედულობას, რატომ უნდა უკვირდეს ჩვენს საზოგადოებას? შეიძლება ჩვენ პირდაპირი სამხედრო აგრესიის ობიექტი გავხდეთ ხვალ და ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ვალდებულია გამოიჩინოს წინდახედულობას. მით უმეტეს, ეს სანქციები რუსეთს საერთოდ არაფერში არ დაარტყამს და დაგარტყამს ჩვენ“, - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს სხვა სახელმწიფოებიც არ შეუერთდნენ, მათ შორის მოლდოვა, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ა. შ.