„ხაზი მინდა გავუსვა ოპოზიციის ქმედებებს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გავაკეთეთ. ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს და რა განცხადებებს აკეთებდნენ საერთოდ, რა შედარებები მოჰყავდათ? წარმოუდგენელია უბრალოდ. ეს არის მართლა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები“, - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საუბარი არა მთლიანად ოპოზიციურ სპექტრზე, არამედ ერთ კონკრეტულ პარტიასა და პოლიტიკოსებზეა.
„მეც ხომ ვიყავი ოპოზიციაში და გულწრფელად გეტყვით: კარგი რაც ხდებოდა ქვეყანაში, ის მიხაროდა. როგორ შეიძლება იმის წინააღმდეგ წავსულიყავი ან არ მეთქვა ხმამაღლა? მიხაროდა, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში კეთდებოდა და ჩემი ქვეყანა მიდიოდა წინ. მაგრამ ამავე დროს იმასაც ვამბობდი, რაც არ მომწონდა და რაც იყო მიუღებელი. ზუსტად ეს არის განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის და ამიტომაც „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია არის ის თემა, რომლის ირგვლივაც მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს და წარმატება მთელი ქვეყნის დამსახურება იქნება.