„ჩვენი თაობის ვალია, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ფეხზე დავაყენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ხალხის კეთილდღეობას მოიტანს.
"ჩვენი თაობის ვალია ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ ფეხზე და ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალებით ამას გავაკეთებთ; ჩვენ შემუშავებული გვაქვს გეგმა, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას მოიტანს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი გაჭირვებას, რომ თითოეული ოჯახი, თითოეული თქვენგანი წელგამართული იყოს და არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის შიში. სწორედ ამიტომ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება" და ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, "დღეს სწორედ „ქართული ოცნებაა" ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველ ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა". "ჩვენ ამას ერთად შევძლებთ! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.