„ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუმინეთის პარლამენტისადმი სიტყვით გამოსვლისას ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების ამსახველი ვიდეო წარადგინა.
„რამდენიმე საათის წინ მე დავბრუნდი კიევის ოლქში, ჩვენს დედაქალაქთან მდებარე გათავისუფლებული ქალაქებიდან. სწორედ იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც გავაძევეთ რუსი ურწმუნოები და ვნახეთ, თუ რას უკეთებდნენ ჩვენს მიწაზე უკრაინელ ხალხს. მინდა, თქვენ ახლა ეს ნახოთ, რა დატოვეს ურწმუნოებმა. ბოდიშს ვიხდი, ვიდეო სასტიკია, თუმცა ეს არის რელობა. ქალაქ ბუჩას სახელი სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ისტორიაში, სამხედრო დანაშაულების ისტორიაში, ხალხის განადგურების ისტორიაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ძალების მიერ ბუჩაში ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე და აღნიშნა, რომ ამ დროის მონაცემებით, ცნობილია ბუში 300-ზე მეტი ადამიანის წამების, დახვრეტისა თუ სხვა მეთოდით მკვლელობის შესახებ.
„ეს მხოლოდ გამოძიების დასაწყისია. ჯერ კიდევ ყველა ჩვენება არ არის შეგროვებული. ჯერ კიდევ ყველა სამარხი არ არის აღმოჩენილი. არ არის დათვალიერებული ყველა სარდაფი, სადაც რუსი სამხედროები ხალხს აწამებდნენ. არის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ბუჩას და სხვა ახლომდებარე უკრაინული ქალაქების მოკლულ მცხოვრებთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ დღეს ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუმინეთის პარლამენტში გამოსვლისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ჩაუშესკუს რეჟიმს შეადარა.
„1989 წელს სიცოცხლე დაასრულა ნიკოლაე ჩაუშესკუმ. მრავალი წელი ცხადი იყო, რომ ამ ადამიანმა დაკარგა ადეკვატურობა. ცხადი იყო, რომ ის, მისი ცოლი, მისი გარემოცვა თქვენს ქვეყანას და ხალხს ქვემოთ ექაჩებოდნენ – ტანჯვისკენ, სიღარიბისკენ, არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსგან იზოლაციისკენ, არამედ ყველაფერი მოწინავისგან, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ეს რეჟიმი იდგა მხოლოდ დაშინებაზე, რეპრესიებზე, სასტიკ ძალასა და ტყუილზე. არაფერი ნათელი მასში არ იყო. რუმინელი ხალხი აჯანყდა და დაიცვა საკუთარი თავი, გადაარჩინა საკუთარი თავი არაადეკვატური ხელისუფლების დამხობით. ვინაიდან ეს იყო ერთადერთი გზა. ჩაუშესკუს, მისი ცოლის, მისი გარემოცვის, მისი „სეკურიტატეს“ რამეში დარწმუნება შეუძლებელი იყო. ასევე, შეუძლებელია დღეს რუსეთში ომის სასარგებლოდ პროპაგანდის გამავრცელებელთა დარწმუნებაც, მათი, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემს, ვინც უკრაინელი ხალხის გენოციდისა და უკრაინული სახელმწიფოს განადგურების გეგმებს ადგენს. ეს ადამიანები არაადეკვატურები არიან. მათ დაკარგეს ყველანაირი კავშირი რეალობასთან და მზად არიან, მილიონობით სიცოცხლე გაწირონ, რათა თავიანთ გიჟურ იდეებს ხორცი შეასხან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ აკეთებს რუსეთი დანაშაულებისა და გენოციდისკენ მოწოდებებს ღიად და დაუფარავად, არის ის, რომ რუსი მაღალჩინოსნები დარწმუნებულები არიან, რომ ევროპელი ლიდერები სუსტები არიან და რომ ევროპელ ხალხებს არ შეუძლიათ საერთო ღირებულებების დაცვა.
„ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ეს არაადეკვატური ხალხი, რომელიც მიეჩვია დაუსჯელობას და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერის უფლება აქვთ. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ისინი, ვისაც ევროპაში გენოციდი სურს. თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, რომ უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე. ურწმუნოთა ჯარები ჯიუტად ცდილობენ, გასცდნენ ჩვენს ქალაქ ნიკოლაევს, რომ სცადონ ოდესის დაპყრობა. ოდესიდან კი მოლდოვამდე ერთი ნაბიჯია. რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ იმაზე, რომ მოლდოვა რუსული ექსპანსიის სამიზნეა. ამიტომ უკრაინელების მიერ საკუთარი სახელმწიფოს დაცვა არის მოლდოვის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური წინაპირობა. ეს კი ნიშნავს, რომ ეს არის დუნაის მთელ მსხვილ რეგიონში მშვიდობის წინაპირობა. ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება. ამიტომ უკრაინის თავისუფლების, უკრაინელების თავისუფლების დაცვა ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ რუსეთს ყველა ფინანსური და ეკონომიკური რესურსი ჩამოერთვას.
„ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და დახუროს პორტები რუსული გემებისთვის, შეაჩეროს ტვირთებს ტრანზიტი და ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა რუსეთში. რუსული ენერგომატარებლებისთვის ფულის ნაკადის შეზღუდვას ალტერნატივა არ აქვს. შესაძლებელია დავა, როგორი უნდა იყოს ფორმატი: სრული ემბარგო თუ პროგრამა „ნავთობი სურსათის სანაცვლოდ“, მაგრამ ეს აუცილებელია. თუმცა, მხოლოდ ეს არა. დემოკრატიული მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსმა უნდა დაიცვას უკრაინისთვის ყველანაირი საჭირო იარაღის მიწოდების აუცილებლობა. სწორედ ბრძოლის ველზე წყდება, ვინ გამოვა გამარჯვებული ამ ომში – თავისუფლება თუ ტირანია“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
როგორც ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა, რუსმა სამხედროებმა და მათმა ხელმძღვანელებმა პასუხი აგონ.