ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავიდნენ და რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქი ბუჩა მოინახულეს.
„მნიშვნელოვანი იყო, ჩემი ვიზიტი ბუჩადან დამეწყო, იმიტომ რომ აქ შეირყა ჩვენი კაცობრიობა. უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი შემდეგია: ამ საშინელების შემოქმედები პასუხისგებაში იქნებიან მიცემული. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დღეს კიევში ვარ, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს გვერდითაა“, - წერს Twitter-ზე ფონ დერ ლაიენი.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ომის დანაშაულები, რომლებიც რუსეთმა ჩაიდინა ბუჩაში და სხვა ქალაქებში ჩაიდინა, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეები კი - პასუხისგებაში მიცემული.
„ჩვენი სამოქალაქო მისია დაეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს გამოძიების და მტკიცებულებების შეგროვების პროცესში. ასევე ვიწყებთ 7,5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს, რათა დავეხმაროთ უკრაინას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებაში“, - წერს ბორელი.