კომპანიის წარმატების განმსაზღვრელ არაერთ საკითხს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კომპანიის მმართველია. ის განვითარების სწორი გეგმის შედგენასა და აღსრულებას უდგას სათავეში. ლიდერის წარმატებას კი თავის მხრივ თავისი განმსაზღვრელი ფაქტორები აქვს. გადავწყვიტეთ ქართულ ბიზნესში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიისა წარმატებული გენერალური დირექტორისთვის მიგვემართა კითხვით, თუ რამ განსაზღვრა მისი წარმატება. ნიკოლოზ მეძმარიაშვილი მესამე წელია, „M2“-ის გენერალური დირექტორია და მან კომპანიას მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა. ახლა კი იმ ფაქტორებსა და მიზეზებზე გვესაუბრება, რომლებიც კომპანიის მართვასა და ლიდერობაში ეხმარება.
სანდოობა/დანაპირების შესრულება - ჩემი აზრით, ყველაფერი სანდოობიდან იწყება, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ. მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიონალური კომპეტენციის მიმართ სანდოობა - რომელიც საბოლოო ჯამში რეალისტური მიზნების დასახვასა და სტაბილურ განვითარებაშია ასახული, ასევე - ადამიანის მიმართ სანდოობა, გულწრფელი და ღია დამოკიდებულება ორგანიზაციის შიგნით. ვთვლი, რომ მე გუნდისთვის საყრდენი ვარ, ჩემთან თავისუფლად გამოხატავენ იდეებს, თავდაჯერებულად აზიარებენ საკუთარი პერსპექტივების ხედვებს, ხმამაღლა საუბრობენ გამოწვევებზე. სანდოობა მოიპოვება ადამიანების მხარდაჭერით, მათი რეალიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობით, სტრესისგან მაქსიმალური დაცვით და, რაც მთავარია, დანაპირების მუდმივი შესრულებით.
ბიზნესის ანალიზი და მომავლის სურათის ფორმირება - ვფიქრობ, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ფასეულობის ანალიზი. მუდმივი მონიტორინგი იმისა, თუ რას და როგორ ქმნის ის განსხვავებულს, მნიშვნელოვანს, რელევანტურს ბაზრისთვის, კლიენტისთვის, მფლობელისთვის, ქვეყნისთვის და რას შექმნის ის მომავალში. როგორ კავშირში იქნება ერთმანეთთან მომავლის ხედვა და დღეს შექმნილი ფასეულობა. სად იქნება ხვალ ბიზნესი, როგორ განვითარდება მოთხოვნა „სახლის“/ ზოგადად უძრავი ქონების მიმართ ფართო კონტექსტში (რეალურ ან თუნდაც ფიცრულ გარემოში) და რა იქნება ამ კონტექსტში კომპანიის დანიშნულება, ძირითადი იდეა.
გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე - ჩემი აზრით, წარმატებული ლიდერები ექსპერტები არიან იმაში, თუ როგორ და რამდენ ხანში მიიღონ გადაწყვეტილება. სწრაფი, დროში შეუყოვნებელი გადაწყვეტილებები ეხმარება პროგრესს, თანამშრომლების მოტივაციას. ხშირ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება უფრო ნაკლებად აზიანებს საქმეს, ვიდრე უმოქმედობა და გადაწვეტილებების მიღების დროში გახანგრძლივება. მე პირადად გადაწყევტილების მიღების დროს ხელს ვუწყობ დიალოგს, საბოლოო გადაწვეტილებას კი, რა თქმა უნდა, თავად ვიღებ და გუნდთან ერთად მივყვები მის აღსრულებას. გადაწვეტილებების მიღებაში მნიშვნელოვანია არა მათი რაოდენობა, არამედ თვითონ გადაწყვეტილების ხარისხი.
ადაპტურობა - ადაპტურობის უნარი, დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად გარემოში, წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. არსებობს პროაქტიული ადაპტურობა, რომელშიც სიახლეებისა და წინასწარ განუჭვრეტელი მოვლენების მიმართ მუდმივ მზადყოფნას ვგულისხმობ. დროის დიდ ნაწილს ბიზნესის გრძელვადიანი პერსპექტივის ანალიზს ვუთმობ და მუდმივად მაქვს კავშირი გლობალურ საინფორმაციო არხებთან, სხვადასხვა მონაცემებთან, რომ სწრაფადვე აღმოვაჩინო პირველადი ნიშნები, რომელიც ეფექტური ცვლილებების გატარებასა და სიახლესთან ადაპტური გადაწყვეტილებების მიღებაში დამეხმარება.
ცოდნა და გამოცდილება - ნებისმიერ წარმატებას საფუძვლად პროფესიული და ადამიანური ცოდნა და გამოცდილება უდევს. ჩემზე განსაკუთრებული გავლენა იქონია „ვებსტერის უნივერსიტეტში“ ავსტრიაში გატარებულმა წლებმა, იქ მსოფლიო კლასის საუკეთესო პროფესიონალებისგან მიღებულმა ცოდნამ, უნივერსიტეტში განვითარებულმა უნარებმა და ურთიერთობის პოზიტიურმა გამოცდილებამ. ჩემთვის საამაყოა, ვიყო ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ვებსტერში ცოდნის და გამოცდილების გარდა უამრავი მეგობარი შევიძინე და დღემდე ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს მათთან.