რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პრინციპში დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობას „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა გაეროს პოზიცია უკრაინის მიმართ. მხარეებმა განიხილეს წინადადებები ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, კერძოდ მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი პრინციპში დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობას მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. შემდგომი დისკუსიები გაიმართება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან“, - ნათქვამია განცხადებაში.