მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დროებით მოწყობილი საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„თქვენ უკვე იცით, რომ ბომბები ჩამოაგდეს საავადმყოფოზე. საჰაერო ბომბებმა გაანადგურეს საავადმყოფო და ეს ომის დანაშაულის ნიშანია, რადგან დაჭრილთა რაოდენობა მანამდე 170 იყო, ახლა კი 600-ზე მეტია“, - აღნიშნა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.
მარიუპოლის მერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა ოთხი ე.წ ფილტრაციის ცენტრი შექმნეს, სადაც იმ ადამიანებს ამოწმებენ, რომლებსაც ევაკუაცია სურთ.
„თუ ვინმე ქალაქს ტოვებს და ის, ასე თუ ისე, დაკავშირებულია საჯარო სამსახურთან, მუნიციპალურ სამსახურთან, სამწუხარო ამბავს იღებენ, რომ მათ ციხეში აგზავნიან, სადაც აწამებენ“, - განაცხადა მან.
28 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებისა მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, „აზოვსტალის“ ტერიტორია კვლავ ექვემდებარება ბარბაროსულ დაბომბვას რუსული არმიის მხრიდან.