თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სამიტამდე ჯერ კიდევ ექვსი თვე რჩება და არ დააკონკრეტა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, თუმცა განაცხადა, რომ პოზიცია არის მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სამიტს არ უნდა დაესწროს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თეთრ სახლს ესმის, რომ ინდონეზიამ პუტინი უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მიიწვია.
შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების მიწვევა მიიღო. „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი.
„ინდონეზიას „დიდი ოცეულის“ ერთიანობა სურს. არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღები“,- აღნიშნა ჯოკო ვიდოდომ.