ჩვენ არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, ვინაიდან გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მისივე თქმით, დნესტრისპირეთში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რეგიონში შესაძლოა დესტაბილიზაცია მოხდეს.
„ჩვენ არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, ვინაიდან გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა. მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. ყირიმი უკრაინაა. დონბასი უკრაინაა. კიევი უკრაინაა და ასე იქნება მუდამ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოლდოვა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის რესურსები იწურება, ეკონომიკური ვითარება კი ძალიან მძიმეა: გაძვირდა ენერგორესურსები, ინფლაციამ რეკორდულ 27%-იან ნიშნულს მიაღწია. ევროპული ფასეულობები ჩვენი ფასეულობებია. ვიცით, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ასევე ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იქნება, მაგრამ თუ მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ვსაუბრობთ ევროპულ ენაზე, გვაქვს ევროპული ისტორია და ევროპული პოლიტიკური სისტემა. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ მოლდოვას და მის მოსახლეობას, რომელსაც დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნება სურს“, - განაცხადა მაია სანდუმ.