თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი მისთვის აღარ არსებობს. თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის ლიდერი აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენს დავაში მესამე ქვეყნები არ ჩავრთოთ. ამის მიუხედავად, გასულ კვირას ის აშშ-ში ვიზიტით იყო, კონგრესში ისაუბრა და ამერიკელები გააფრთხილა, რომ ჩვენთვის F-16-ები არ მოეცათ. ის ჩემთვის აღარ არსებობს. მე არასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას პატიოსან პოლიტიკოსებთან ერთად“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთსა და საბერძნეთს უთანხმოება აქვთ უამრავ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საზღვაო საზღვრები, კონტინენტური შელფი, საჰაერო სივრცე და ეთნიკურად გაყოფილი კვიპროსი.