უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანების კუთხით ნაბიჯების გადადგმაზე.
იგორ ჟოვკვას თქმით, მოკლევადიან პერიოდში ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია.
„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ჩვენ ამ მხრივ სხვა არაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Financial Times-თან ინტერვიუში.
მადრიდის სამიტზე ნატომ უნდა მიიღოს სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალი ვერსია, სტრატეგიული კონცეფცია. წინა ვერსია ავალდებულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან. ახალ ვერსიაში ნატომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ეს პარტნიორობა.
უკრაინას ასევე სურს, რომ სტრატეგიული კონცეფციიდან გამოირიცხოს რუსეთის, როგორც პარტნიორის ნებისმიერი ხსენება. დოკუმენტის უახლეს ვერსიაში ნათქვამია, რომ ნატო რუსეთთან „ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობას“ ესწრაფვის და ნატო-რუსეთის თანამშრომლობას სტრატეგიულად მნიშვნელოვანად მიიჩნევს.
„საკმარისი არ არის უბრალოდ სიტყვა „პარტნიორის“ ამოღება. ჩვენ ველით, რომ ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში უფრო მკაცრი გაფრთხილება იქნება რუსი აგრესორისთვის“, - აღნიშნა იგორ ჟოვკვამ.
„თუ ნატო არ გამოავლენს რეალურ ვითარებას, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, ეს დოკუმენტი იქნება მორიგი დოკუმენტი, სრულიად შეუსაბამო“, - დასძინა მან.