„დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ვინც თვლის, რომ რუსეთთან ომი და კონფრონტაცია ქვეყნისთვის საზიანოა, მას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტრენდი, პრორუსად აცხადებს“, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ბოლო ხანებში ამ ჯგუფებს შორის განსაკუთრებით დაწინაურდნენ და დიდი გავლენა მოიპოვეს ე. წ. ულტრალიბერალურმა დაჯგუფებებმა.
როგორც კაკაბაძე წერს, მათ იდეოლოგიად დამახინჯებული ლიბერალიზმი, ხოლო ბრძოლის მეთოდებად - ბოლშევიკურ-ფაშისტური მეთოდები აიღეს.
ვრცელ ფეისბუქ-პოსტში ნანა კაკაბაძე საუბრობს იმაზე, თუ რა აქვთ საერთო ნაციონალებს, ფაშისტებს და ბოლშევიკებს.
„რა აქვთ საერთო ნაციონალებს, ფაშისტებს და ბოლშევიკებს 1. აზროვნება 2. მმართველობა.
სამწუხაროდ, დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებაშიც არიან ულტრამემარჯვენე თუ ულტრამემარცხენე (პროფაშისტური ან პროკომუნისტური) ჯგუფები, რომელთათვისაც, განსხვავებული იდეოლოგიის მომხრე, ყველა სამშობლოს მოღალატეა. ბოლო ხანებში ამ ჯგუფებს შორის განსაკუთრებით დაწინაურდნენ და დიდი გავლენა მოიპოვეს ე. წ. ულტრალიბერალურმა დაჯგუფებებმა. მათ იდეოლოგიად დამახინჯებული ლიბერალიზმი, ხოლო ბრძოლის მეთოდებად - ბოლშევიკურ-ფაშისტური მეთოდები აიღეს. „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჭეშმარიტების და სამშობლოს მტერია“. ჭეშმარიტებასა და სამშობლოს ინტერესებს კი მხოლოდ თვითონ წარმოადგენენ. ჩვენი ე. წ. ლიბერალები თავს გამოხატვის თავისუფლების დამცველებად აცხადებენ, მაგრამ როგორც კი ოპონენტის განსხვავებულ პოზიციას აწყდებიან, მაშინვე მას „სამშობლოს მოღალატედ“ შერაცხავენ. ისინი გამოხატვის „თავისუფლებას“, მათ მიერვე დაწესებულ ფარგლებსა და ჩარჩოებში ხედავენ.
ანალოგიურად აზროვნებდნენ და იქცეოდნენ ფაშისტები და კომუნისტები. ფაშისტები დასაშვებად მიიჩნევდნენ აზრს, რომელიც „არიული რასის“ უპირატესობას აღიარებდა. კომუნისტები დევნიდნენ აზრს, რომელსაც ეჭვი შეჰქონდა კომუნისტური წყობის უპირატესობაში „ძირმომპალ“ კაპიტალიზმთან. როგორია ქართველი ფსევდოლიბერალების პოზიცია საწინააღმდეგო აზრის მიმართ? დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ვინც თვლის, რუსეთთან ომი და კონფრონტაცია ქვეყნისთვის საზიანოა, მას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტრენდი, პრორუსად აცხადებს. პრორუსი კი ლიბერალური მედიისა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიერ დამკვიდრებულია, როგორც მიუღებლის, ნაძირალას, ქვეყნის გამყიდველის, რუსეთის აგენტის სინონიმად. საქმე იქამდეც მიდის, რომ ლამის კანონის დონეზე მოინდომონ ამ ფაშისტური პოზიციის მიღება.
იგნორირებულია ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური დებულება, რის მიხედვითაც საკუთარი აზრის გამოხატვა არ შეიძლება იყოს დასჯადი. დემოკრატიულ ქვეყანაში ის დაცულია როგორც შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ნორმით. აქედან გამომდინარე, აზრის გამოხატვის გამო ადამიანის მონათვლა ქვეყნის მოწინააღმდეგედ, არის სწორედ დასავლურ ღირებულებებთან და ქვეყნის ინტერესებთან დაპირისპირება. თუ ადამიანი ფიქრობს და ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს, ქვეყნის გადარჩენისა და წინსვლის გზა გადის არა ევროპაზე, არამედ რუსეთზე, ჩინეთზე, თურქეთზე ან სხვა ქვეყანაზე, ეს არის მისი აზრი, პოზიცია, ორიენტაცია (სწორი ან არასწორი) და არა ღალატი, დანაშაული, აგენტობა და ა.შ. საღად მოაზროვნე ლიბერალი განსხვავებულ პოზიციას ფაშისტურად კი არ ჩაქოლავს, არამედ თავისუფალ აზრთა ჭიდილში დაასაბუთებს. ასე იბადება ჭეშმარიტება.
სწორედ ასეთ მახინჯ ლოგიკას, პოლიტიკური კონიუნქტურის გაუთვალისწინებლობას მივყავართ ჩვენი სათაყვანებელი მეფის, ერეკლე II-ის, სამშობლოს მოღალატედ გამოცხადებამდე, რომელსაც ქვეყნისათვის ბრძოლაში 60-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიღებული. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თავს ლიბერალად თვლიან. ისინი, ამ ეტაპზე ოპონენტების საზოგადოებისგან მოკვეთას მოითხოვენ, ვინაიდან მეტი არ შეუძლიათ, მაგრამ თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მოახერხებენ, ამასაც არ იკმარებენ და „მოღალატეების“ სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. სწორედ ამ ე.წ. ლიბერალების პოზიციებია ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი. ასეთია „ლიბერალის“ უწყინარ ქურქში გახვეული ფაშისტებისა და ბოლშევიკების ნამდვილი სახე, რომლის პრაქტიკული განხორციელება, ქართველმა ხალხმა 2004-2012 წლებში თავის თავზე გამოცადა“, - წერს ნანა კაკაბაძე ფეისბუქზე.