პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი წლის მთავარი მონაპოვარი თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიაგარემოა.
„ხედავთ, რამდენად თავისუფალია მედიასივრცე, ტელევიზიები თავისუფლად გადმოსცემენ სიახლეებს. ვფიქრობთ, ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, ის მთავარი გარდატეხა, რომელიც მოხდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არის უდიდესი მიღწევა. ასევე დიდი მიღწევაა ის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ყველაზე მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ აუცილებელ მიმართულებებს", -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა მეშველიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ინიციატივიან ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით და უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი.
„ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, თვალებში შევხედოთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ქვეყნის უკვე სწრაფ განვითარებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის მიტანას", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, საჭიროა მოსახლეობის მხარდაჭერა და მყარი უმრავლესობა პარლამენტში.
„შემოვუძახოთ ერთმანეთს მეტი კონსოლიდაციისკენ, საჭიროა მეტი მობილიზება, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში და ჩავყაროთ ის საფუძველი, რაც საქართველოს სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ოთხი წელი, ამიტომ საჭიროა სტაბილური პარლამენტი და მყარი უმრავლესობა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.