მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული თანხმობის პარლამენტის ფორმირებისთვის უაღრესად პოზიტიურ შეფასებას აძლევს ზვიად გამოსახურდიას პერიოდის პარლამენტის ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებას, რათა ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს წევრები შეიკრიბონ და გაანალიზონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.
„ჩვენ ეს პროცესი უაღრესად საიმედოდ გვესახება. ნუთუ ჩვენ ასეთი საქართველოსთვის ვიბრძოდით? გასაანალიზებელია, თუ რატომ დაიწყო პოლიტიკური თამაში პირველი პარლამენტის ბევრმა წევრმა. რატომ მიატოვა დასავლეთმა და ამერიკამ ეროვნული ძალები ქვეყანაში. ჩვენ გვახსოვს, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ იმავე ძალებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, კი პრაქტიკულად, ისინი დასავლეთმა გაწირა და სწორედ ეროვნულ ძალებს გამოუცხადეს ომი. ეს და ბევრი სხვა საკითხია, რომელთა ანალიზი მომავლის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, პროფესორი რამაზ ლომინაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრებს კოორდინაციას გაუწევს საორგანიზაციო-საინიციატივო ჯგუფი ბატონების: თამაზ ყურაშვილის, ტარიელ ფუტკარაძის, ნუგზარ შავთელაძის, ირაკლი არაბულის, იური ბურკაძის, ალექსანდრე ვარძელაშვილის, დავით კუპატაძის, ნუგზარ მზარელუას შემადგენლობით.