logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ევროკავშირი რუსეთის ეკონომიკას იმაზე მეტად ეხმარება, ვიდრე ომამდე
- +

26 სექტემბერი. 2022. 17:25

 

 

„Centre for Research on Energy and Clean Air-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი რუსეთის ეკონომიკას იმაზე მეტად ეხმარება, ვიდრე ომამდე. 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად 51.6 მილიარდი ევრო. ომის დაწყებიდან 6 თვეში - 24 თებერვლიდან 24 აგვისტოს ჩათვლით მთლიანობაში რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, აღნიშნულ შემოსავლებში ევროკავშირის წილი 54%-ია“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით,  ევროკავშირი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს:

 

„რუსული ნავთობის სიიაფის გამო ევროკავშირის მრავალი ქვეყანა არასანქცირებული რუსული ნავთობის შეძენას ცდილობს, რათა საკუთარი მოსახლეობის ყოველდღიურობა შეამსუბუქოს და ფასების მატება შეაჩეროს.

 

იმავე პრინციპით მოქმედებს საქართველო, რომელიც პირველ ყოვლისა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - ერთის მხრივ, არ არღვევს სანქციის მოთხოვნას და ყიდულობს შედარებით იაფ ნავთობპროდუქტებს, ისევე როგორც ამას იტალია, ჩეხეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აკეთებენ. თუ ჩვენ რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები ვიქნებოდით და ისე მოვიქცეოდით, როგორც ამას მავანი გვირჩევს, ნავთობპროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, აღნიშნული სამომხმარებლო კალათის ფასის ზრდას, ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, დასაქმებულთა კლებას გამოიწვევდა, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებდა საერთო სოციალურ მდგომარეობას.

 

სამწუხაროდ, ევროკავშირი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. მათი ლოგიკით ის რაც დაშვებულია მათი წევრებისთვის, დაუშვებელია საქართველოსთვის. საბედნიეროდ მმართველ გუნდში გვყავს პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც პოპულარულ ნაბიჯებზე წინ შედეგიან ქმედებას აყენებენ და საქმეს არა საკეკლუცოდ, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ!“ - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner