საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ილია ღუდუშაური ლატვიის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივან ინდრა დრეიკას შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა, ასევე გამართა ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში. ინფორმაციას ჯანდაცვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი განიხილეს. სისტემის შემუშავებისას, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიურ მხარესთან. შეხვედრაზე, ქართულმა დელეგაციამ ლატვიელ კოლეგებს DRG სისტემის საპილოტე ვერსიის შედეგებიც გააცნო, რასაც დადებითი შეფასებები მოჰყვა. მხარეები DRG სისტემის კიდევ უფრო განვითარებისა და სრულყოფისათვის სამომავლო, აქტიური თანამშრომლობის გეგმებზე შეჯერდნენ.
ილია ღუდუშაურთან ერთან, ლატვიაში, ოფიციალური ვიზიტით, იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ კობახიძე და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თენგიზ გენძეხაძე. რიგაში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს კონსული ლატვიაში თამარ ღვინიანიძეც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კლინიკების დაფინანსების მექანიზმი იცვლება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები ანაზღაურებას, მთელს მსოფლიოში აპრობირებული, DRG სისტემით მიიღებენ. აღნიშნული მოდელით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის, დაწესებულებებს გადაუხდის.