პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი იმის გამო ვერ დაუჭირა, რომ დარბაზის გარეთ ჟურნალისტები ელოდებოდნენ
-
+
20 ოქტომბერი. 2022. 11:22
„რეფორმების ჯგუფში“ სხვადასხვა ახსნას უძებნიან იმას, თუ რის გამო არ დაუჭირეს მხარი ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, კენჭისყრის დროს, დარბაზის დატოვება კონკრეტული მიზეზით მოუხდა.
„პირველი და მეორე მოსმენისას, არა მხოლოდ სესიაზე, არამედ სხდომებზეც ვუჭერდი მხარს. [ახლა] იმიტომ ვერ დავუჭირე მხარი, რომ გარეთ ჟურნალისტები მელოდებოდნენ და მაგ დროს გავიდა ეგ საკითხი. როცა იყო საჭიროება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სრული მობილიზება გამოაცხადა“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
„რეფორმების ჯგუფის“ უარი ევროპულ რეკომენდაციებს - პარლამენტმა, 101 ხმით, ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესრულებას მხარი დაუჭირა, თუმცა მხარდამჭერებს შორის, „რეფორმების ჯგუფის“ არცერთი წევრი არ აღმოჩნდა. ცვლილება, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას ეხება.