"ჩვენ ვნახეთ, რომ ევროსკეპტიციზმი შეიცვალა მიდგომით, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, ჰქონდეს საკუთარი გეოპოლიტიკურ როლი და ამავდროულად, ეს გაფართოება უნდა იყოს პრაგმატული," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტები შეაფასა.
„რაც შეეხება ამ ვიზიტებს, იყო ძალიან ემოციური მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერაც, ის სიტყვები, რომლებსაც იქ ვისმენდით. მათ შორის სიტყვები, რომლებშიც იყო პირდაპირ, ღიად გამოთქმული სინანული, რომ ევროკავშირმა თავის დროზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მისცა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვიყავით იმ ქვეყნებშიც, რომლებიც განიხილებოდნენ, როგორც ევროსკეპტიკოსები გაფართოების კუთხით. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აბსოლუტურად შეცვლილია. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გამონათქვამი, რომ ევროპა არის სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე არ არის მხოლოდ ხატოვანი გამონათქვამი. ეს არის პოლიტიკის ნაწილი და სწორედ ამ პოლიტიკას მიჰყვება გერმანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.