წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, იუსტიციის დეპარტამენტს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაციით მიმართავს
-
+
20 დეკემბერი. 2022. 00:29
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, იუსტიციის დეპარტამენტს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაციით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პანელის წევრის, „დემოკრატი“ ჯეიმი რასკინის თქმით, კონგრესმენები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ტრამპს, ისევე როგორც მის ადვოკატ ჯონ ისტმენსა და კიდევ რამდენიმე სხვა პირს, ბრალი წაუყენონ ფედერალური სისხლის სამართლის ოთხი კანონის დარღვევისთვის:
- აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პროცედურებზე ზემოქმედება ან ხელის შეშლა
- შეთქმულება აშშ-ის მთავრობის შეცდომაში შეყვანის მიზნით
- უკანონო, ცნობიერი ან ნებაყოფლობითი ყალბი განცხადებების გაკეთება ფედერალური მთავრობისთვის
- შეერთებული შტატების წინააღმდეგ აჯანყებაში დახმარება ან მონაწილეობა
მოთხოვნას არ აქვს სავალდებულო ძალა, თუმცა მან შეიძლება გაზარდოს ზეწოლა პროკურორებზე გადადგან შესაბამისი ნაბიჯი.
2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.