logo_geo
eng_logo
„ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს“
- +

29 აგვისტო. 2016. 11:18


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს.



აშშ-ის მცდელობა რუსეთთან ურთიერთოების გადატვირთვისა, შეცდომა არაა. ეს ამერიკელების ბუნებრივი ტენდენციაა, რომ ყოველთვის ვცადოთ ის, რისი მიღწევაც გვინდა. ეს შეცდომა არ არის. შეცდომა ის იქნებოდა, სხვა სუვერენული ქვეყნების ინტერესები რუსეთთან ურთიერთობაზე რომ გაგვეცვალა. ეს შეცდომა ჩვენ არ დაგვიშვია. მაგალითად, რუსეთს პოლონეთი და ბალტიისპირეთი არ შევთავაზეთ. უკრაინა და საქართველო კარგ ურთიერთობებში არ გავცვალეთ. ჩვენ რუსეთს ვუთხარით, რომ მათთან თანამშრომლობა გვინდა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ღირებულებებს და სხვა ხალხების ინტერესებს მოსკოვთან ურთიერთობას არ შევწირავთ", - განაცხადა დენიელ ფრიდმა.



ფრიდმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერპსექტივაზე. მისი თქმით, საქართველოს მიზნებზე არ უნდა იმოქმედოს იმან, რომ დღეს დასავლეთს რთული პერიოდი აქვს.



ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, დღეს გმირული პერიოდი არ არის. იზოლაციონისტური ძალები ამერიკაშიც და ევროპაშიც მომძლავრდნენ. მე ეს არ მომწონს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რეალურად შევაფასოთ გამოწვევები. ასევე მნიშვნელოვანია, რუსეთს არ მივცეთ ამის ბოროტად გამოყენების საშუალება ან საქართველოს სუვერენიტეტთან ან არჩევანთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისზე წავიდეთ. მოკლევადიან პერსპექტივაში, დიდი წინსვლა არ გვექნება. 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში საქართველომ, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ვერ შეძლო იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ჰქონდათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული მდგომარეობა სამუდამოა. მაგრამ ამასთან, არ უნდა შევიქმნათ გადაჭარბებული წარმოდგენა იმაზე, თუ რის მიღწევა შეგვიძლია ახლო პერსპექტივაში, მაგრამ არასოდეს უნდა შევაფასოთ ნაკლებად ის, რისი მიღწევაც მომავალში არის შესაძლებელი. ჩემი რეკომენდაცია საქართველოსთვის იქნება ის, რომ გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მოცემულ დროში, იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც გაქვთ. არ იფიქროთ, რომ მიმდინარე სირთულეები, რომლებიც დასავლეთში დღეს გვაქვს, სამუდამოდ ასე დარჩება და თქვენი მიზნები ამ დასკვნას არ დაუკავშიროთ. თუ საქართველო თვლის, რომ NATO-სგან მოკლევადიანი მოგების მიღება მისთვის სასარგებლოა, ვფიქრობ, ეს შეცდომა იქნება. საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაინახოს საკუთარი თავი - გააძლიეროს ინსტიტუტები, დემოკრატია. საქართველომ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ NATO- წევრობა მიზნის მისაღწევი საშუალებაა. რა არის მიზანი, რომლის მიღწევაც საქართველოს სურს? ქართველები მეუბნებიან, რომ მათი მიზანი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება. ძალიან კარგი, მაშინ იმუშავეთ ამ მიზანზე ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობა და ნაპერწკლები გააჩინოთ", - განაცხადა დენიელ ფრიდმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner