„საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის“ გამგეობა გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის-უმაღლესი მთავარსარდლის, გიორგი მარგველაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას ქართველი ხალხის, თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავის დროზე გვერდზე გადადეს ყოველივე პირადი და დადგნენ იქ, სადაც სამშობლოს უჭირდა.
ყოფილი პრეზიდენტი-უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც წესით, თვითონ უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, აკეთებს ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლისთვის შეუფერებელ განცხადებას, რომელიც ხელისუფლებასა და თავდაცვის ძალებს რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო „მოკავშირეობაში“ ადანაშაულებს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ყოფილი პრეზიდენტის უსუსური მცდელობა, ერთმანეთსდააპირისპიროს ქვეყნის ხელისუფლება და მხედრობა, რაც დიდი შეცდომაა, უკადრისი საქციელია და რაც მთავარია, ქვეყნისათვის საზიანო.
აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელიაჩვენთვის, განსაკუთრებით კი იმ ჩვენი თანამებრძოლების ხსოვნისა, რომლებმაც სამშობლოსათვის სიცოცხლე გასწირეს.
გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დიდი არმია სწორ შეფასებას მისცემს ამ უსაფუძვლო განცხადებას და ჩვენთვის ჩვეული სიდინჯით და სამშობლოსადმი ერთგულების გრძნობით გააგრძელებს ქვეყნისა და მისი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის მხარდაჭერას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სახელით ვგმობთ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში"- წერია განცხადებაში.