2023 წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 20 მლნ ლარამდე ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება
-
+
20 მარტი. 2023. 12:19
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს; შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წელს დაიწყებს. რეგიონში 9000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია 20 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყება.
დღეისათვის, ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 15,7 მლნ ლარის ღირებულების 9 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება.
შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელი პირები და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.