საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მასპინძლობს. საზეიმო ღონისძიებას და საგამოფენო სივრცეებს, აქტიურად სტუმრობენ როგორც ბათუმელები ასევე, ქალაქის სტუმრები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, უწყების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები. მათ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ მოწყობილი საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, ასევე, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ საინფორმაციო და საგამოფენო სტენდებთან ერთად წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ბავშვებისთვის ტარდება თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები, ასევე მოწყობილია გასართობი სივრცეები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობს სტუმრებს, საღამოს კი ღონისძიება კონცერტით დასრულდება.