Facebook-მომახმარებელი ციცინო ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„როგორც ვიცით, ყველა ღირსეულ მოქალაქეს აქვს უფლება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს საკუთარი თავი. მაგრამ იმის უფლება კი არავის მიუცია, უსაფუძვლოდ შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ ღირსეულ კანდიდატს.
პირადად მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ბატონ კახი კალაძეს, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს და გურჯაანის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს განათლებული და უაღრესად წესიერი ახალგაზრდა დავით სონღულაშვილი.
ბატონი დავითი უკვე კარგა ხანია, შეხვედრებს მართავს ამომრჩევლებთან და მათ სიყვარულსა და პატივისცემას ღირსეულად იმსახურებს.
მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ და მაინტერესებს რატომ და რის საფუძველზე მისცა თავის თავს უფლება ცნობილმა კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ თავისი და თავისი ძმის სახელით აუგად მოეხსენებინა დავით სონღულაშვილი და მისი მამა ბიძინა სონღულაშვილი „ტვ-პირველის" ეკრანიდან?!
რა უფლებით უქექავთ პირადულს და რა სინდისით აბრალებთ, ბატონებო, ამ ოჯახს შეთხზულ ამბებს? მე პირადად ბატონ ბიძინაზე არასოდეს და არავისგან არ მსმენია, რაიმე სიბინძურეს ახლოს რომ გაჰკარებოდა.
ბატონო ძმებო შენგელაიებო, როგორც გამორჩეულ ხელოვან ადამიანებს დიდ პატივს გცემთ, მაგრამ გურჯაანში საქართველოს პარლამენტის წევრად ვის ავირჩევთ, ეგ თქვენი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება გუჯა გიორგაძეს, რომელსაც ასე მონდომებით ლობირებთ, ყველამ ვიცით, ვინც არის და რასაც წარმოადგენს. აცხადებთ, რომ მაჟორიტარი კანდიდატი ის უნდა იყოსო. ჩვენ არაფერს გვეკითხებით?! გურჯაანელები უგნურები არ ვართ და კარგად ვიცით, ვის მივცემთ ხმას.
გუჯა გიორგაძეს ზურგს ვინ უმაგრებს და ვისგან არის ფრთებშესხმული, ესეც ვიცით, და თუ თქვენი მხრიდან განმეორდება მსგავსი უღირსი საქციელი, ბევრი მტკიცებულება ხელთა გვაქვს და საქვეყნოდ განვაცხადებთ.
უფალს ნუ შესცოდავთ.
საკმაოდ დასჯილები ვართ, გონებას მოვუხმოთ ყველამ და ერთი საქვეყნო საქმე სუფთა ხელებით ვაკეთოთ! ეგებ, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო საქართველო!" - წერს facebook-მომხმარებელი ციცინო ღვინიაშვილი.