დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელის დავით ჩიხელიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უხერხულობას უნდა უქმნიდეს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ქართულ საზოგადოებას ატყუებდა და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობით მანიპულირებდა.
მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება ტექტონიკურ ძვრებს არ გამოიწვევს, რადგან ის უკვე ყავლგასული პოლიტიკოსია.
„სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უხერხულობას უნდა უქმნიდეს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ქართულ საზოგადოებას ატყუებდა და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობით მანიპულირებდა. ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება ტექტონიკურ ძვრებს არ გამოიწვევს, რადგან ის უკვე ყავლგასული პოლიტიკოსია.
საზოგადოების თვალში რეაბილიტაციას, ვერ შეძლებს ადამიანი, რომელიც ჩამოსვლის დღიდან საზოგადოებას ატყუებს, აბუჩად იგდებს და დასცინის, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის შესახებ ყალბ ცნობებს გვაწვდიდა მან საჯაროდ განაცხადა, რომ თავს უკრაინელ პოლიტიკოსად მიიჩნევს და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, სასამართლო სხდომებზე უკრაინულად მეტყველებდა, რაც სასამართლო სისტემის და საზოგადოების შეურაცხყოფაა.
ქართული კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის უფლება არ აქვს, შესაბამისად ამ ეტაპზე ბუნდოვანია, როგორ აპირებს სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, მან ხომ მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა, რაც კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, რადგან მორალურად დაუშვებელია ქვეყნის ყოფილმა მთავარსარდალმა საკუთარი სურვილით დათმო მოქალაქეობა.
გასათვალისწინებელია ნაციონალური მოძრაობის რეალური პოზიცია და არა მათი დავარცხნილი განცხადებები, სააკაშვილის იმიჯი ანგრევს ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა უძღები შვილის დაბრუნებას ხელგაშლილი არ ეგებება, რადგან სააკაშვილი პოლიტიკური აქტივიდან , პასივად იქცა“, - აცხადებს ჩიხელიძე.