ველოდებით რაც შეიძლება მეტ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, ძალიან გვჭირდება კარგი ამბები საქართველოდან, რათა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით დიდ პროგრესს ვხედავთ, ზოგიერთზე კი, შედეგებს ველოდებით. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საჭიროა განსხვავებული მიდგომა. იმ მიდგომისგან განსხვავებული, რომელიც მმართველ პარტიას ჰქონდა არჩეული. ევროკომისია შეაფასებს პროგრესს ოქტომბერში. იქნება გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში საქართველოსთან მიმართებით. ეს იქნება ძალიან მტკიცე, დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. 35 თავი მოიცავს 12 პრიორიტეტს. აღწერილი იქნება ძალიან დეტალური და ტექნიკური კუთხით. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება 27 წევრი ქვეყნის მისაღებია, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, დეკემბერში, ევროპულ საბჭოში“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.