ბექა დავითულიანი: ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უნდა შევძლოთ, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება
-
+
27 ივლისი. 2023. 11:51
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და უნდა შევძლოთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად, საქართველოს პირველი პირის ჩინეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთი მხრივ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელებას - ევროკავშირთან დაახლოებას და მეორე მხრივ, იმ პოტენციალის გამოყენებას, რასაც ჩვენი გეოგრაფია და გეოპოლიტიკური რეალიები გვაძლევს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში რეგიონში და მსოფლიოში“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.