უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინასთან დაკავშირებით საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს.
„სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა, რომელშიც ის ამართლებს რუსეთის აგრესიულ ომებს, კიდევ ერთხელ ავლენს დღევანდელი ომის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზეზს. სწორედ დასავლელი ლიდერების მიერ 2008 წელს და განსაკუთრებით 2014 წელს უცხო მიწების მიტაცების პუტინის კრიმინალური გეგმების წახალისებამ ხელი შეუწყო ევროპაში სრულმასშტაბური აგრესიის დაწყებასა და უკრაინელების მასობრივ მკვლელობას“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმისა და დონბასის ტერიტორიები უკრაინის ტერიტორიებია და ამიტომ ომის რეალურად შეჩერების ერთადერთი გზა ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის დაბრუნებაა.
„2023 წელს დაუშვებელია „სარკოზის გამოცდილების“ გამეორება, რომელიც მიზანმიმართულად მონაწილეობდა დანაშაულებრივ შეთქმულებაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაკავებისა და შემდგომში ფართომასშტაბური გენოციდისა და ომის ორგანიზებისთვის“, - დასძინა მან.
16 აგვისტოს, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის საკითხის გადასაჭრელად. სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება".