„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან, ჯონათან ჯანოგლისთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, მის შემდგომ გაღრმავებაზე და გაძლიერებაზე, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
„ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსულ სამხედრო აგრესიაზე და მის გავლენაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ჩვენი საუბრის თემებს, რა თქმა უნდა, განეკუთვნებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობა. ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე და გაძლიერებაზე, განსაკუთრებით თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ურყევია თავის მხარდაჭერაში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
„საქართველოსა და ბრიტანეთის შესაბამისი უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ამ ურთიერთობების შემდგომი გაფართოება და გაღრმავება“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
ბრიტანელ პარლამენტარებთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა.