logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილი უსამშობლობის ტიპური ნიმუში გამოდგა და ღამურასავით ცხოვრობს. გამოდის, რომ ისტორიულ სამშობლოში რეზიდენტად ჩამოვიდა და ასრულებს დასავლეთის იმ ფრთის დაკვეთებს, რომლებიც ნაცფაშისტებს ლობირებენ
- +

2 სექტემბერი. 2023. 11:00

 

 

სალომე ზურაბიშვილი უსამშობლობის ტიპური ნიმუში გამოდგა და ღამურასავით ცხოვრობს. გამოდის, რომ ევროპაში ემიგრანტების შთამომავალი ისტორიულ სამშობლოში რეზიდენტად ჩამოვიდა და ასრულებს დასავლეთის იმ ფრთის დაკვეთებს, რომლებიც ნაცფაშისტებს ლობირებენ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„რა უნდა სალომე ზურაბიშვილს?

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, როგორც ჩანს, სიტყვა „პრეზიდენტი“ იმდენად მაცდური და ჯადოსნურია, რომ ვერც მარგველაშვილი და ვერც სალომე ვერ ეტეოდნენ კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში და მუდამ ცდილობდნენ, უფრო მეტი აეღოთ საკუთარ თავზე და თავი რაიმე სერიოზული ძალის მქონე პოლიტიკურ ფიგურებად წარმოეჩინათ. მათ მუდმივად აწუხებთ შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელი კონსტიტუციის მიერ გაცემული უფლებამოსილებები, როდესაც პრეზიდენტი „ყველას და ყველაფრის უფროსი“ იყო და სულ იმ დროში ცდილობდნენ დაბრუნებას.

 

თვითდამკვიდრების ასეთი ჟინით შეპყრობილმა მადამ პრეზიდენტმა თავისი მოღვაწეობის 5 წლის განმავლობაში არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, დაწყებული სრულიად გაუმართლებელი შეწყალებებით, რაც ვითომ დეესკალაციისკენ იყო მიმართული (სინამდვილეში კარგად იცოდა, რომ შეწყალებული პოლიტიკანები სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგები იყვნენ), გაგრძელებული ამ შეწყალებებით აღშფოთებული და მასთან საპროტესტოდ მისული მოსახლეობის ნაწილის შეურაცხყოფით („აქ რას მომივარდით“-ო) და დასრულებული კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით და ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საერთაშორისო ვიზიტებით. აღარაფერს ვამბობთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე.

 

სალომე ზურაბიშვილი უსამშობლობის ტიპური ნიმუში გამოდგა და ღამურასავით ცხოვრობს. გამოდის, რომ ევროპაში ემიგრანტების შთამომავალი ისტორიულ სამშობლოში რეზიდენტად ჩამოვიდა და ასრულებს დასავლეთის იმ ფრთის დაკვეთებს, რომლებიც ნაცფაშისტებს ლობირებენ. ანუ რეზიდენტ-პრეზიდენტს ამ საკითხშიც მოტყუებული ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი. ის აქტიურად მუშაობს მეორე ფრონტის გახსნის წახალისებაზე, ხოლო თბილისში მიმდინარე დესტრუქციული მიტინგების დროს, აშშ-დან მიესალმა პარლამენტის დამრბევლებსა და იმ მატყუარებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, რუსული კანონი შემოჰქონდა ხელისუფლებას.

 

ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზეც ზუსტად იმავეს იმეორებდა და ლობირებდა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მუშაობს. ანუ ნებისმიერ სისულელესა და ალოგიკურობას უჭერდა მხარს და ახმოვანებდა, რომელიც არსებული ხელისუფლების შერყევასა და ჩამოშლას გამოიწვევდა.

 

პრიგოჟინის ერთდღიანი გამონათების დროსაც ამხელა პოლიტიკური გამოცდილების ქალმა ისიც ვერ გათვალა, რომ პაუზა აეღო, არ აცუნდრუკებულიყო და დესტრუქციული გამონათქვამებით საფრთხე არ შეექმნა ქვეყნისთვის (რაც თითქმის ყველა სხვა ქვეყნის ხელისუფლებმა გააკეთეს). ის ხომ საერთოდ არ ახსოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თვითონ ბიძინა ივანიშვილის ბანერებზე იყო მიწერილი სალომე და რიცხვი 48.

 

მოკლედ, ქვეყანას იმის მაგივრად, რომ პატივითა და ღირსებით წარმოაჩენდეს, ათახსირებს, ვითომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იბრძვის და სინამდვილეში ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაგრამ მაინც უნდა მიენიჭოს ქვეყანას ეს სტატუსი, რადგან ამას ქართველი ხალხი იმსახურებსო. თუ ეს მართლა სჯერა, მაშინ ისევ მის დიპლომატიურ გამოცდილებას უნდა მივუბრუნდეთ და ვიკითხოთ: ოდესმე თუ უნახავს ან სადმე გაუგონია, რომ რომელიმე ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ და მსოფლიოს მიერ აღიარებულ ხელისუფლებას სხვა რომელიმე დემოკრატიული ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია ხალხს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ერთმანეთისგან მიჯნავს?

 

რაც შეეხება სალომეს იმპიჩმენტის საკითხს. მართლაც შესაძლებელია, რომ ამისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა ხმების 2/3 ვერ მოგროვდეს, მაგრამ ეს პროცედურა იმით მაინც იქნება მნიშვნელოვანი, რომ სალომეს პიროვნებასთან დაკავშირებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა პრობლემები საზოგადოების განსჯისათვის იქნება გამოტანილი და ბოლოს და ბოლოს საჯაროდ წარმოჩენილი ფაქტების საფუძველზე საზოგადოების უმრავლესობისთვის იქნება გასაგები, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი თუ რეზიდენტი“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner