პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტი მოგზაურობდეს და საერთაშორისო ტურნეს მართავდეს ისე, რომ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით არ ჰქონდეს მთავრობის ნებართვა.
„ეს თემა კონსტიტუციაშიც არის ასახული და ფაქტია, რომ ეს პრინციპი დაირღვა. იმით გამართლება, რომ ეს თითქოს ემსახურება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, არ არის რელევანტური. სწორედ სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ არ ეკუთვნის და არც ეკუთვნოდა საქართველოს ეს სტატუსი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად დოკუმენტები მზად არის. საპროცედურო კომიტეტს მმართველი გუნდი ხელმოწერებს დღეს წარუდგენს. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს. შემდეგ კი, დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. სალომე ზურაბიშვილი ისევ დუმს. იმპიჩმენტზე არაფერს ამბობს და კონსტიტუციის დარღვევით, ნებართვის გარეშე შეხვედრებს განაგრძობს.