„ზოგჯერ პროფესორები არასამართლიანად უწერენ ხოლმე დაბალ ქულას სტუდენტებს, ხომ არ გვაქვს ასეთ მოვლენასთან საქმე, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სხვაზე გაცილებით წარჩინებული და მომზადებულია სტუდენტი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა ჩემი გადასახედიდან ბორელმა იმპიჩმენტის საკითხი და სხვა მკაცრი და საკმაოდ ნეგატიური გზავნილები იყო. უნდა ითქვას, რომ იყო პოზიტიური გზავნილებიც, მაგრამ იყო ნეგატიურიც. ძალიან მენიშნა ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს მის წარუმატებლობას. ვფიქრობ, რომ თუ ნებას დამრთავთ და არ გავკადნიერდები, გავაკრიტიკებ ამ მოსაზრებას იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი შედარებაა, ჩემი აზრით. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც რომელიმე პროფესორისა და სტუდენტის ცოდნა. არის შემთხვევები, როდესაც პროფესორები არასამართლიანად უწერენ ხოლმე დაბალ ქულას სტუდენტებს, ხომ არ გვაქვს ასეთ მოვლენასთან საქმე, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სხვაზე გაცილებით წარჩინებული და მომზადებულია სტუდენტი, რატომ იჩაგრება მაშინ სხვებთან შედარებით?! იჩაგრება - ესეც არ არის სწორი მოცემულობა იმიტომ, რომ თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებიდანაც ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები რეფორმებითაც და რეკომენდაციების შესრულებით და ა.შ. რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას შეიძლება ცდილობდეს და სხვას ავანსად აძლევდეს. არ ვედრებით, არ გვშურს პირიქით, გვიხარია ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმატება, ომში მყოფი უკრაინის განსაკუთრებით, მაგრამ ამის ფონზე რაღაც მიზეზების გამო ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაიჩაგროს“,- აღნიშნა მდინარაძემ.