ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ძალა გვეყოფა. ძალა კი ჩვენ დიდხანს გვეყოფა", - ამის შესახებ პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტმა ლევან ლორთქიფანიძემ თსუ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, 15:00 საათზე, სტუდენტების თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გამართავენ აქციას. მათ სოლიდარობის ნიშნად, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან.
„აქციის მონაწილეები 15:00 საათზე შევიკრიბებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. შემოგვიერთდებიან ილიაუნის სტუდენტები. პარალელურად, სოლიდარობის აქციები გაიმართება ბათუმსა და ქუთაისში. ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ამ ეტაპზე გვაქვს მიღებული, ეს არის ამ დემონსტრაციების გაგრძელება შემდეგი მთავარი მოთხოვნებით - 1. მოხსნას კანდიდატურა გიორგი გაფრინდაშვილმა. ეს არის ულტიმატუმი, რომელიც არ შეიცვლება. 2. სასწრაფოდ დაიწყოს „ოდეერების" საქმეზე გამოძიება", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თსუ-ში, სტუდენტების აქციის გამო, კანცლერის არჩევნები გადაიდო. კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილია.
„კანცლერის კანდიდატურა სტუდენტური საზოგადოებისა და აკადემიური წრის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. წინა ხელისუფლების დროს, როცა სტუდენტებს განსხვავებული მოსაზრებების გამო სცემდნენ და დევნიდნენ, ხოლო პროფესორებს აძევებდნენ, გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობაში ერთ-ერთი ფაკულტეტის პრეზიდენტი იყო. როცა თვითმმართველობის წევრები სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გიორგი გაფრინდაშვილმა ნაცემი სტუდენტების მიმართ გულგრილობა გამოიჩინა", - აცხადებენ სტუდენტები.