„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, არ მოაწეროს ხელი ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს, სრული აბსურდია და კანონის დარღვევა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ის არ სჯერდება კონსტიტუციის დარღვევას, ახლა კანონის დარღვევაზეც გადავიდა. ვფიქრობ, ის თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს. კანონის უზენაესობის დაცვა მას არ შეუძლია. მისი პოსტი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, თავიდან ბოლომდე გაუგებარია. წერს რაღაც სახელმწიფო ინტერესებზე. რა სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი? ასევე, წერს, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, რომ დაისაჯოსო. რა, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ დაისჯება საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის?!“, - განაცხადა სეფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.