2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე ჯანმრთელობის დაცვის, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომებზე იმსჯელებენ.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-ის ნაცვლად, 6.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ბიუჯეტში შემოსულობის ზრდა 256.7 მლნ ლარით.
შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც. იზრდება თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ბიუჯეტში ცვლილება მთავრობის სწორი და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.