საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეცდომები, რომელიც გარკვეულწილად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოვლინდა გარდამავალი პროცესის ბრალია.
„ჩვენ ვთქვით, რომ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფლება კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანების თავისუფალი საზოგადოება შევქმნათ ისეთ პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებით, რომელიც ერთდროულად პიროვნების თავისუფლებასაც და ამავე დროს ეფექტურ და ეფექტიან მმართველობას გულისხმობს.
ამ გზის გასავლელად ბუნებრივია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მნიშვნელოვანწილად ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად სახელმწიფოს ფუნქციონირებას და პიროვნების თავისუფლებას, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი თავისუფალი საზოგადოების შექმნას, არის სწორედ სასამართლო სისტემა და ამ სისტემაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საკონსტიტუციო სასამართლო", - განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით საკონსტიტუციო სასამართლო ის ინსტიტუტია, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო, ქვეყანა რჩებოდეს ტავის ძირითად ჩარჩოებში და ძირითად პრინციპს არ უღალატოს.
„ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის 9 ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ხარისხის დაცულობა და ჩვენ ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ კონსტიტუციის შემქმნელებსაც, შესაბამისი კანონების დამწერებსაც, მაგრამ ამავე დროს, მათ გააჩნიათ უმაღლესი უფლება, შეცვალონ თანამდებობების პირთა, ან ისეთი ძლიერი ინსტიტუტის, როგორიც არის პარლამენტის გადაწყვეტილება, შეცვალონ ის შეხედულებები, რომელიც აქვთ პოლიტიკოსებს და დაგვაბრუნონ იმ ძირითად ჩარჩოებთან, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი კონსტიტუცია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ახლა გაიგო, გაიაზრა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობა და როლი.
„მართლაც გახდა უძლიერესი ინსტრუმენტი სახელმწიფოს გაძლიერების, ის გახდა სწორედ ის რესურსი, რომელსაც აქტიურად მიმართავენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამართალს სწორედ ამ ინსტიტუტში ეძებენ. მინდა, შევეხო თქვენ მიერ დასახელებულ საკითხებს.
ის შეცდომები და აგრესია, რომელიც გარკვეულწილად გამოვლინდა, ესეც ამ გარდამავალი პროცესის ბრალია და ბუნებრივია, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომელიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მე მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ ინსტიტუტს და ეს ასეც უნდა ყოფილიყო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.