ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. „მრეწველები" და „ჩვენი სამშობლო" საარჩევნო რეგისტრაწიის გაუქმებას აპროტესტებენ და მათი ბლოკის აღდგენას მოითხოვენ.
„ჩვენ ჩავაბარეთ ყველა საბუთი თავის დროზე და წამოვედით. შემდეგ დაიწყო ეს ზეწოლა. ჩვენ ეს ყველაფერი გავიგეთ 8 საათზე. გამოგვიძახეს ცესკო-ში, რომ რაღაც არ იყო სწორად. დაიკარგა რაღაც სია. მერე რა მოხდა, ამას სასამართლო დაადგენს", - განაცხადა „მრეწველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ.
„თავისი გადაწყვეტილებით ქალბატონმა თამარ ჟვანიამ იძულებული გაგვხადა, რომ მივმართოთ სასამართლოს და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. გვინდა, რომ ხალხსა და ჩვენს ამომრჩევლებს დავანახოთ, რომ საბუთები ნამდვილად ჩაბარებული გვქონდა ცესკო-ში", - განაცხადა „ჩვენი სამშობლოს" ლიდერმა ზვიად ჩიტიშვილმა.
„კანონის მიხედვით ჩვენ ვართ დარეგისტრირებული ობიექტები. ახლა სად რა დაიკარგა და ვინ რა ფურცელი დაკარგა, ეს აბსურდია. ჩვენი ბლოკი ცესკო-ში დარეგისტრირდა!" - განაცხადა „ჩვენი სამშობლოს" წევრმა გია კორკოტაშვილმა.