პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, თუკი რაიმე საყვედური და შენიშვნები ითქმის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, მთლიანად იზიარებს პასუხისმგებლობას როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში წარდგენილი იყო საკონსტიტუციო პროექტები, თუმცა კვორუმის პრობლემის გამო მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი იყო.
„სამწუხაროდ, იყო ბევრი მიზეზი საიმისოდ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ასე შეფასდა. სამწუხარო ის არის, რომ თუნდაც იმ ჯგუფში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, კვორუმი ერთხელ თუ ორჯერ შედგა. რეალურად, კომისიის მუშაობისადმი ნაკლები ინტერესი გამოხატული იყო არა მხოლოდ მასში ჩართული წევრების მხრიდან, არამედ თავად პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდანაც. იყვნენ კომისიის წევრები, რომლებიც სხდომებს საერთოდ არ დასწრებიან. კომისიაში წერილობით არაერთი საკონსტიტუციო ინიციატივა იყო წარდგენილი, მაგრამ კომისია არ იყო ქმედითი, იყო ნაკლები ინტერესი, არ იყო შესაბამისი თანამონაწილეობა, რაც აუცილებელი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ყოველთვის რთული იქნება. ის ამ კონტექსტში ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სამ-მეოთხედიანი კვორუმი სჭირდება.