logo_geo
eng_logo
ნაციონალების კანდიდატი ისანში, რომელსაც 4 წლის მანძილზე პარლამენტში მიკროფონიც არ ჩაურთავს
- +

13 სექტემბერი. 2016. 14:49




ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ისნის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად ზაზა კედელაშვილის წარდგენას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:



მიუხედავად იმისა, რომ ხმა არ მიმიცია, ხრიკების გამოყენებით ჩემი დეპუტატი მაინც გახდა... მანამდე თვალით არ მენახა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, დედოფლისწყაროში არ გამოჩენილა. გამგებლის კაბინეტში მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როცა ოლიმპიადიდან დაბრუნებულს ბიუჯეტიდან 2000 ლარი აჩუქეს. მერე ისევ დაიკარგა... საარჩევნოდ გამოჩნდა, მანდატი ჯიბეში ჩაიდო და ისევ დაიკარგა. სხდომებზე არ უვლია და რით იყო დაკავებული, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, ბიზნესით.

 

ჩემი ზაზა, როგორც პარლამენტარი, ისტორიაში იმით შევიდა, რომ რეკორდი მოხსნა სესიების გაცდენის სიმრავლით. არასამთავრობოების ანგარიშში მოხვდა იმითაც, რომ არასოდეს მოუთხოვია სიტყვა და მიკროფონი არცერთხელ არ ჩაურთავს. ჩნდებოდა მუშტი-კრივში და სადაც არ ჩნდებოდა, იქაც ზონდერობდა, მოჭიდავეები მისგან წამოსულ ტერორზე ღიად საუბრობდნენ.

 

ჩემი ზაზა ყოველთვიურად ივანიშვილის ფულად ჯილდოს იღებდა 1500 ლარის ოდენობით და მაინც მისი გინებით იყო დაკავებული. ჟურნალისტებთან კომენტარებში ხშირად ამბობდა, რომ ივანიშვილის დახმარება მას კარიერაში ხელს არ შეუშლის და თუ საჭირო გახდებოდა, განცხადებას დაწერდა და ფულის აღებაზე უარს იტყოდა, თუმცა განცხადება არ დაუწერია. პირიქით, ოცნების" გამარჯვების შემდეგ ფონდქართუს" განცხადებით მიმართა, კიდევ გაეგრძელებინათ მისთვის დახმარება.

 

ამდენი წელია ჟურნალისტებს გვემალება, არც შეტყობინებებზე გვპასუხობს. გამგებელი ამბობს, თვალით არ გვენახვებაო, არც მოქალაქეებს ხვდება. მის მშობლიურ სოფელშიც ბევრ საყვედურს მოისმენთ.

 

გაცდენებით და მუშტი-კრივით ცნობილი ჩემი დეპუტატი, რომელსაც ხმა არ ამოუღია, დღეს უტიფრად ისევ სურს მანდატი. ან აქამდე რა გააკეთა, ან ისანში რას გააკეთებს... დეპუტატი, რომელიც ხმას არ იღებს და სხდომებს აცდენს, პარტიისთვის რითია საინტერესო, არ მესმის.

 

ჩემო ზაზა, ნახვამდის მაინც გეთქვა, დედოფლისწყაროელებს დაგვმშვიდობებოდი მაინც და ისე წასულიყავი..." - წერს ილია მარტყოფლიშვილი.



ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის რაიონში ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე  ზაზა კედელაშვილია, რომელიც 2012 წელს დედოფლისწყაროს რაიონში იყო არჩეული, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად კედელაშვილს 4 წლის განმავლობაში არცერთხელ არ უთხოვია სიტყვა პარლამენტში და შესაბამისად, არც მისი რაიონის პრობლემები გაჟღერებულა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეპუტატის პირდაპირი უფლებამოსილებაა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner