„პატრიოტთა ალიანსის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ლალი მოროშკინა „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გოგა ხაინდრავას ფილმს „ჰეროკრატიას" გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ფილმი საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ნახოს, რომ კიდევ ერთხელ გაიგოს, თუ როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ციხეებში პატიმრებს.
„ვფიქრობ, ფილმი „ჰეროკრატია" როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია, ისე უნდა იყოს, რომელიც 10-15 წლის შემდეგ, ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ, თუ რა ხდებოდა იმ უბედურ პერიოდში. თუმცა, საზოგადოებაში ფილმმა სამწუხაროდ, უფრო ნიჰილიზმი და იმედგაცრუება გამოიწვია, სწორედ იმიტომ რომ ის ჯალათები დღემდე დაუსჯელები არიან. ხათუნა კალმახელიძე ალასანიას უნივერსიტეტში ასწავლის. რას ასწავლის სტუდენტებს, რაც გავაკეთეთ, ეს კარგიაო?! ამ ფილმში პერსონაჟები რასაც ჰყვებიან, ეს ხომ არ არის გამოგონილი, ეს ხომ რეალური ფაქტებია?! ეს არ არის დოკუმენტური ფილმი, თუმცა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გადღებულია. გოგამ მეც შემომთავაზა ფილმში მონაწილეობა, მაგრამ იმ მომენტისთვის გაცილებით სხვა ფუნქცია მქონდა, ციხეებში ვმუშაობდი და არ მეცალა ამისთვის. ისმის კითხვები, რატომ არ არიან დამნაშავეები დასჯილები? თუ არ დაისაჯა ხათუნა კალმახელიძე, თუ არ შეაბრუნეს ციხეში მკურნალიძე, თუ არ დაისაჯა ყველა ჯალათი, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ფილმს? კოჰაბიტაცია ნიშნავს, რომ ყველაფერი აპატიო ადამიანს? ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. მკურნალიძე იყო შემოქმედი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის. ის როდესაც დაიჭირეს, ციხეში შევედი და მას შევხვდი, ვკითხე, ბავშვებს რატომ აწამებდით-მეთქი... (რა თქმა უნდა, დიდი ადამიანის წამებაც საშინელებაა!), არასრულწლოვნებთან რომ შევედი და მაისურები როცა აიწიეს, მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდათ. ამ ბავშვებს ყოველ 3 საათში ერთხელ სცემდნენ, ციხის ზარების რეკვასთან პარალელურ რეჟიმში. არ ვიცი, ვინ იგონებდა ასეთ სასტიკ სისტემას! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს პატიმრები რამდენად შეურაცხყოფილნი ჰყავდათ... ვერც კი წარმოდიგენთ, რა იყო ციხის სისიტემა... ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს ბიჭები ახლა უცხოეთში რეაბილიტაციის კურსს გადიან, სამწუხაროდ, ზოგიერთი ცოცხალიც აღარ არის. თუმცა, ამ სისატიკის შემოქმედნი დაუსჯელები არიან", - აცხადებს ლალი მოროშკინა.