logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ტელევიზია პოლიტიკური კლასის ხელში მახვილია
- +

23 თებერვალი. 2024. 10:29

 

 

 

 

„ჟურნალისტიკა არის ინსტრუმენტი პოლიტიკოსების ხელში. მედია ხალხის ინფორმირებას კი არ ემსახურება, არამედ მაქსიმალურად ცდილობს, დეზინფორმაცია მიაწოდოს და დაპირისპირებაში ჩაითრიოს საზოგადოება“, - ამის შესახებ „საერთო გაზეთთან“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საუბრობს.

 

მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარალელიზმისგან მედიის გათავისუფლებას, რადგან ჟურნალისტის ჰუმანური პროფესია სიძულვილის მახვილად აქციეს:

 

- ბატონო ბონდო, ხშირად მახსენდება ჩემი პირველი ლექცია უნივერსიტეტში, როდესაც ცხონებულმა რეზო სურგულაძემ მომავალ ჟურნალისტებს პროფესიის არსი ასე განგვიმარტა: „ჟურნალისტიკა არის საზოგადოების მართვის საშუალება, ჟურნალისტიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხს“. ვინ „მართავს“ ახლა საზოგადოებას და ვინ ამკვიდრებს სტანდარტებს ქართულ ჟურნალისტიკაში?

 

- ბატონ რეზოს ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ჟურნალისტიკა ხალხს უნდა ემსახურებოდეს, თუმცა დღეს ის პოლიტიკოსების ხელში მანიპულატორი და საზოგადოების მანიპულირების საშუალებაა. ჟურნალისტი არ უნდა „მართავდეს“ საზოგადოებას, რადგან, თუ მართვის სადავეებს ჟურნალისტი იღებს, ის კარგავს პროფესიას და სხვა კომპეტენციებში იჭრება. ამიტომ არ არის საჭირო იმ აზრის დამკვიდრება.

 

თუ კომუნისტურ მედიაზე საუბრობდა ბატონი რეზო, როცა ერთი პარტიის ორგანო იყო ყველა გაზეთი და ერთადერთი ტელევიზია არსებობდა, მაშინ ეს პროფესია საზოგადოების სამართავი ინსტრუმენტი იყო და არა „მმართველი“. მართავდა პარტია რაიკომებისა და საბჭოების მეშვეობით და, შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პროპაგანდის მიზნით იყენებდნენ.

 

შემდგომ, 1990-იანი წლებიდან, როცა თავისუფალი მედიის ჩამოყალიბება დაიწყო, უფროსი ასაკის ჟურნალისტები ცდილობდნენ, ახალ ფორმაციას მორგებოდნენ და ეს პროცესი დაახლოებით 4-5 წელი გაგრძელდა. სწორედ 1990-იანი წლები იყო გარდაქმნის, საჯაროობის, პლურალიზმის წლები ქართულ ჟურნალისტიკაში. ისეთი მაღალი იყო თავისუფლების ხარისხი, როგორიც არსად მსოფლიოში არ არსებობდა და არც დღეს არსებობს. ამ წლებში საბჭოთა მმართველობის პერიოდში მომუშავე ჟურნალისტებმა დაიწყეს გარდაქმნა და როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ბუნებრივად ჩაეწერენ ახალ ფორმაციაში. ამავდროულად, გაჩდნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც არ ჰქონდათ კომუნისტურ პრესაში მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, მათ სრულიად ახალი ჟურნალისტიკის შექმნა დაიწყეს. ყველაზე მეტად მათ გაუმართლათ, ვისაც მედიასაშუალებებში ძველი ფორმაციის მაღალი დონის პროფესიონალი ჟურნალისტები დახვდათ. გარდა იმისა, რომ მათგან ბევრი რამ შეიძლებოდა გესწავლა, გქონდა შედარებისა და ახალი ჟურნალისტიკის უპირატესობების დანახვის შესაძლებლობა...

 

2003 წლიდან უკვე დაიწყო პოლიტიკოსების მიერ ჟურნალისტებით მანიპულაცია. მანამდე არსებული ძალიან მაღალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მთლიანად შეიცვალა და სააკაშვილმა დაიწყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელში ჩაგდება, რადგან თავისუფალი მედიის ძალაც იცოდა და მისგან მომდინარე საფრთხეც გაცნობიერებული ჰქონდა. ვგულისხმობ ტელევიზიებს. წამყვანი სატელევიზიო არხები, ფაქტობრივად, ერთიანი ბადით იმართებოდა, ერთი და იგივე სიუჟეტები, თანმიმდევრობაც კი, ერთი და იგივე ტექსტები იყო: „პირველ არხზე“, „რუსთავი 2“-ზე და 2008 წლიდან უკვე „იმედზეც“... ამან გამოიწვია ჟურნალისტიკის გარკვეულ ნაწილში სერიოზული დეგრადაცია, გაჩნდა პოლიტიკური პარალელები, - არა ისეთი უხეში ფორმით, როგორც დღეს არის, მაგრამ ნელ-ნელა გაჩდნენ ეგრეთ წოდებული რეფორმატორების, ჟვანია-სააკაშვილის ჟურნალისტები, რომლებსაც ვიღაც საჩუქრებს ჩუქნიდა, ფულს აძლევდნენ, ვიზიტებზე დაჰყავდათ, პიკნიკებზე ეპატიჟებოდნენ... ეს პროცესი 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ჟურნალისტები, რომლებიც 1990-იან წლებში გაიზარდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, გადაიყვანეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში და ეკრანს ჩამოაცილეს. ამავდროულად, სააკაშვილის პოლიტიკამ შეზღუდა ბეჭდური მედია. ის მოუწოდებდა საჯარო სამსახურებს, რომ, რადგან გაზეთებს თავად არ კითხულობდა, არც მათ წაეკითხათ, არ გამოეწერათ და დაიწყო პრესის შეზღუდვა, მათ შორის, გავრცელების სამსახურის, ჯიხურების და ასე შემდეგ... ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის სათავეშიც იდგა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამ ყველაფერს ახორციელებლდა გიგი უგულავა. უგულავა იყო სატელევიზიო დღის წესრიგის შემქმნელი და მედიასივრციდან პრესის განდევნის ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი.

 

- გარკვეული დაღი დაასვა ამ წლებმა ჟურნალისტთა თაობას, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით.

 

- რასაკვირველია! 2004 წლიდან, ფაქტობრივად, მედია გახდა პოლიტიკის დანამატი. ის აღარ იყო უკვე „ავი ძაღლი“, რომელიც ხალხის ინტერესებს იცავდა და საზოგადოებას ემსახურებოდა - მედია გახდა პარტიული საკუთრება, როგორიც იყო კომუნისტების პერიოდში. ამჯერად უკვე სხვადასხვა ფინანსური ნაკადით „დააბეს“ და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სამსახურში ჩააყენეს. შესაბამისად, მედიის მიზანი გახდა საზოგადოების დეზინფორმირება, რეალობის გამრუდებულად ჩვენება. სწორედ ამ დროს გაჩნდა გასართობი გადაცემები და არამხოლოდ საქართველოში.

 

ძალიან კარგად მახსოვს, რომ 2004 წლის 3 თებერვალს, წამყვანებისთვის სრულიად მოულოდნელად, ერთდროულად, პირდაპირ ეთერში დაიხურა ორი გადაცემა. ერთი იყო ეკა ხოფერიას „ღამის კურიერი“, სადაც სტუმრობდა ზურაბ ჟვანია და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკობდა. მან იქვე თქვა, რომ ხოფერიას შეკითხვები არ მოეწონა. მაშინ, მოგეხსენებათ, რევოლუციური „რუსთავი-2“, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ თავს ბევრის უფლებას აძლევდა. ჟვანიამ თქვა, ჩვენ ამ საკითხებზე ყბედობას არ ვაპირებთო და ეკა ხოფერიამ იმავე გადაცემაში გამოაცხადა, რომ ეს იყო მისი ბოლო გადაცემა! პარალელურად, დაიხურა ინგა გრიგოლიას „ღამის მზერა“ ტელეკომპანია „მზეზე“. ინგამაც ასევე, პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ ეს იყო ბოლო გადაცემა და დაგვემშვიდობა. სააკაშვილის ინაუგურაციიდან ათიოდე დღე იყო გასული. ათ დღეში დახურა ღამის თოქშოუები სააკაშვილმა. შემდგომ დაიწყეს „სამოთხის ვაშლები“, „ცხოვრება მშვენიერია“ და მსგავსი გასართობი გადაცემების მომზადება, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ ახლა გართობის დროა, დანარჩენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, ჩვენ მივხედავთო. პოლიტიკური გადაცემები გააქრეს მედიასივრციდან, საინფორმაციაო გადაცემებს კი მთლიანად თვითონ აკონტროლებდნენ.

 

- დღესდღეობით რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად ქართულ მედიაში?

 

- 2012 წლის შემდეგ, ქართულმა მედიამ სხვანაირად დაიწყო ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ბეჭდური მედია ისევ დაჩაგრულია, რადგან დოტაციის გარეშე მისი არსებობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თვითღირებულება ძალიან მაღალია, შესაბამისად, გაზეთის ფასი გაიზარდა და მყიდველი ნაკლებად არის, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. პლუს ამას, გაჩნდა მედიის ელექტრონული ვერსიები და ეს უფრო ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის. ტელევიზიები საერთოდ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, იგივე სჭირს ამერიკულ და ევროპულ მედიას - ეს არის პარტიული კუთვნილება, პოლიტიკური პარალელიზმი. ერთი ამბობს, რომ არის ზომიერი ტელევიზია, მეორემ „კრიტიკული მედია“ დაირქვა, მაგრამ ეს ტყუილია. ყველა მედიასაშუალებას ჰყავს კონკრეტული დამფინანსებელი, რომლის მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალასთანაც არის აფილირებული ესა თუ ის ტელეკომპანია და დამფინანსებელი განსაზღვრავს მის დღის წესრიგს. რადგან ისეც ყველამ ვიცით, რომელი ტელევიზია რომელი პარტიის პროპაგანდის საშუალებაა, მომხრე ვარ, რომ საქართველოში არსებობდეს პარტიული მედია.

 

1980-იანი წლების დამლევს და 90-იანი წლების დასაწყისში იყო პარტიული მედია, გარდა იმისა, რომ არსებობდა სხვა გაზეთებიც. რუსთაველის საზოგადოებას, მერაბ კოსტავას საზოგადოებას, ეროვნულ-დემოკრატულ პარტიას, ზვიად გამსახურდიას ბლოკს, სახალხო ფრონტს, ტრადიციონალისტთა კავშირს... ჰქონდათ თავიანთი გაზეთები, რომლებსაც ზედ ეწერა, რომ ეს არის ამ კონკრეტული მიმართულების გაზეთი. გახსოვთ, რომ 1992 წლის იანვრიდან, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მთავრობამ გაათავისუფლა მედია, ანუ უზენაესი საბჭოს გაზეთები აღარ არსებობდა. „საქართველოს რესპუბლიკა“ იყო ერთადერთი გაზეთი, სადაც ოფიციალური მასალები, ოფიციალური დოკუმენტები, კანონპროექტები, კანონები თუ ბრძანებულებები იბეჭდებოდა. დღესაც შეუძლიათ ადამიანებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნახონ მაშინდელი „საქართველოს რესპუბლიკა“, სადაც ყველაფერია გამოქვეყნებული, მათ შორის, პრეზიდენტის გამოსვლები, მთავრობის წარმომადგენლების თუ ჩამოსული მაღალი დონის სტუმრების საჯარო გამოსვლები, ვიზიტები და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში პარტიული პრესა გაუქმდა და 20 წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ უკვე პარტიული ტელევიზიები. პრესა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

 

ქართული ჟურნალისტიკის მეორე უბედურება არის ენჯეო-პარალელიზმი. ეს გრანტებზე დამოკიდებული მედია ცალკე სეგმენტია, სადაც აქტიურად ჩანს „ენჯეო“ და ლიბერალური დღის წესრიგი. ისინი გრანტს ვერ მოიპოვებენ და, ელემენტარულად, ხელფასსაც ვერ აიღებენ, თუ თავიანთი დამფინანსებლის ინტერესები არ გაატარეს. ამიტომ ცდილობენ, გრანტის მიმცემებთან საქმე არ გაიფუჭონ...

 

ასეთ მდგომარეობაშია დღეს ქართული მედია და ამ ფონზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიის პოლიტიკური პარალელიზმიდან გათავისუფლებას. ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ, რადგან ვხედავთ, რომ მედია ხალხის ინფორმირებას კი არ ემსახურება, არამედ მაქსიმალურად ცდილობს, დეზინფორმაცია მიაწოდოს და დაპირისპირებაში ჩაითრიოს საზოგადოება. პოლიტიკოსების პოლიტიკური დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია, პლურალიზმი თავისთავად გულისხმობს ამას, მაგრამ პოლიტიკოსებმა მედიის მეშვეობით და, განსაკუთრებით, ტელევიზიების მეშვეობით, ეს პროცესი ხალხში გადაიტანეს, რაც დაპირისპირებას, პოლარიზაციას და რადიკალიზაციას იწვევს უბრალო ადამიანებში. ეს ძალიან დიდი საფრთხეა საზოგადოებისთვის.

 

გახსოვთ, ალბათ, 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, საზოგადოების ერთი ნაწილი, საერთოდ არ ცნობდა არანაირ არჩევნებს. ზვიად გამსახურდიას მომხრეები არანაირ პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობდნენ, მთლიანად გაემნიჯნენ საარჩევნო პროცესს, როგორც ამომრჩევლები და როგორც მონაწილეები. დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ეს არის დაპირისპირებელი მხარეების ამომრჩველების ურთიერთსიძულვილი. მთელი პრობლემა ის არის, რომ, მაგალითად, ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიების ჟურნალისტები და რესპონდენტები აბსოლუტურად მიუღებელი არიან რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ამომრჩევლისთვის და პირიქით, რადიკალური პარტიების მხარდამჭერი ტელევიზიების ჟურნალისტები კატეგორიულად მიუღებელი არიან ხელისუფლების მხარდამჭერი საზოგადოებისთვის, - მეორე მხარეს სძულხარ, პირდაპირი მნიშვნელობით!

 

ეს ანგრევს ჟურნალისტიკის მიმართ პატივისცემას, ანადგურებს ჟურნალისტის პროფესიას და რეპუტაციას. ჟურნალისტიკა, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალება, საერთოდ კარგავს ავტორიტეტს! სამწუხაროდ, დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს. ჟურნალისტიკა გადააქციეს სიძულვილის ასპარეზად, ხალხი კი დაიღალა ამდენი აგრესიით.

 

- შედგად, ჟურნალისტების მიმართ პატივისცემა მათდამი სიძულვილით შეიცვალა. საზოგადოების დიდ ნაწილს არ ვუყვარვართ...

 

- ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა „ბინძური“ საქმეა, რასაც არ ვეთანხმები. არიან „ბინძური“ პოლიტიკოსები, თუმცა, შეიძლება მასწავლებელი ან ექიმიც აღმოჩნდეს ასეთი. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ მასწავლებლობა ან ექიმობა „ბინძური“ პროფესიაა?! ამიტომ პოლიტიკის მსგავსი შეფასებაც არასწორია. იგივე შეფასებები გვესმის ჟურნალისტიკის მიმართ, არ უყვართ ჟურნალისტები! როდესაც ჩვენ ეს პროფესია ავირჩიეთ, გარდა იმისა, რომ სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია უნდა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, ავირჩიეთ იმის გამოც, რომ ჩვენი მაყურებლისთვის, მსმენელისთვის, მკითხველისთვის სანდო და საყვარელი ადამიანები ვყოფილიყავით! ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომ მის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავდნენ. არიან ექიმები, რომლებიც უყვართ პაციენტებს, არიან პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს არასდროს ავიწყდებათ... ასეთი განწყობა მინდა იყოს ჟურნალისტების მიმართაც, მაგრამ სამწუხაროდ, არც პოლიტიკოსები და არც თავად ჟურნალისტები, ამისთვის არაფერს ან ვერაფერს ვაკეთებთ!

 

- ბატონო ბონდო, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი, რას გვეტყოდით, არის თუ არა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საზოგადოების კუთვნილება და რის გამოსწორებას ისურვებდით „ხალხის ტელევიზიაში?“?

 

- ვფიქრობ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იდეალურისგან შორს არის. ძნელია დღეს იდეალური ტელევიზიის გაკეთება, რამდენი ფულიც უნდა ჩადო მასში, რადგან, როგორც ვთქვით, ძალიან მაღალია პოლარიზაციის ხარისხი საზოგადოებაში. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელია და ქმნის არაჩვეულებრივ სატელევიზიო პროდუქტს. ნებისმიერი გადაცემა, ჩვენი თუ შეძენილი პროდუქცია, ხარისხზეა გათვლილი და ყველაფერი გემოვნებიანია: დოკუმენტური თუ შემეცნებით-საგანმანათლებლო ფილმები, სერიალები, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები, ყველგან ჩანს გემოვნება და მაღალი ხარისხი. რა თქმა უნდა, ტექნიკურ მხარესაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ფინანსები, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს, არის საქართველოს მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელების ფული და, შესაბამისად, უნდა შეიქმნას მაღალი ხარისხის პროდუქცია. ზოგჯერ კითხულობენ, რატომ არა აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მაღალი რეიტინგი? - იმიტომ, რომ მას არასდროს, არც ერთხელ არ გადაუდგამს და არც მომავალში გადადგამს ნაბიჯს რადიკალიზმისკენ. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ გაკეთდა, ეს იყო „ტელესკოლა“ 2020 წელს. ამჯერად გვინდოდა გაკეთებულიყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის „ტელესკოლა“, რაც იქნებოდა მოზარდებისთვის, როგორც კლასგარეშე შემეცნების საშუალება, სადაც სპეციალისტები ილაპარაკებდნენ ლიტერატურაზე, რომელ ასაკში რა წიგნი უნდა წაიკითხო და ასე შემდეგ. გვინდოდა მოგვემზადებინა ტელესპექტაკლები, სადაც „გავაცოცხლებდით“ ლიტერატურულ გმირებს, იქნებ, ვინმეს ეკრანზე მაინც ენახა და შემდეგ წიგნის წაკითხვითაც დაინტერესებულიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ბიუჯეტი სჭირდება. ეს მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტების და ტექნიკური პერსონალის გასაკეთებელი არ არის. ამჯერად კი ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალ შენობაში გადასვლა, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წელს დასრულდება. შეიძლება ითქვას, ეს არის საუკუნის მშენებლობა ტელევიზიის ისტორიაში. კიდევ ასი წელი აღარავინ იფიქრებს ახალი შენობის აშენებაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“. იმის მიუხედავად, რომ იმდენი მაყურებელი არ გვყავს, რამდენიც, დავუშვათ, „იმედს“, ჩვენი მაუწყებლობის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. ჩვენ არა გვაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს საზოგადოებრივი და სახელმწიფო დღის წესრიგი. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ჩვენი მაყურებელი, ხელისუფლების მომხრე, ოპოზიციის მხარდამჭერი თუ პოლიტიკური პროცესების მიმართ ინდიფერენტული ადამიანი. ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ მაღალი ხარისხის სატელევიზიო პროდუქტი და საზოგადოებაში მაღალი კულტურა და ფესეულოები დავამკვიდროთ. ნებისმიერი ინიციატივის გასაზიარებლად მზად ვართ და ჩვენი კარი მართლაც ყველასთვის ღიაა.

 

- უფროსი თაობის ჟურნალისტებთან მუშაობის გამოცდილება გაქვთ. რა თვისებებს გადმოიტანდით მათგან თანამედროვე მედიაში?

 

- მოთმინებას, თავდაჭერილობას, სერიოზულობას, სიდინჯეს, პროფესიონალიზმს, წერის მაღალ კულტურას, ამავდროულად, ადამიანის ღირსების გათვალისწინებას... 18 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე გაზეთ „თბილისში“, ნარგიზა მგელაძის რედაქტორობის დროს. შემდეგ ვმუშაობდი „საქართველოს რესპუბლიკაში“, სადაც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ძირითადად, უფროსი თაობის ჟურნალისტები დამხვდნენ. ყველაზე მეტად რაც მომწონდა, ის იყო, რომ მათ პუბლიკაციებში, კრიტიულ წერილებშიც კი, სადაც გამანადგურებელი კრიტიკა იყო, არასდროს ღირსებს შემლახავი და შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს. მათი წერილები იყო მაღალი კვალიფიკაციის ნიმუში. თუ არ შეგიძლია ლანძღვა-გინების გარეშე ადამიანი გააკრიტიკო, ამ საქმეს თავი უნდა დაანებო. კრიტიკული უნდა იყოს წერილი, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი.

 

ხომ გახსოვთ, როგორი კრიტიკული იყო თქვენი გაზეთის რედაქტორის, ცხონებული ვახტან ხარჩილავას პუბლიცისტიკა! გამანადგურებელი პუბლიცისტიკა ჰქონდა - რომ წაიკითხავდი, იფიქრებდი, ვაი, იმ უბედურს, ვისაც ხარჩილავა კალამს წამოსდებსო, მაგრამ მისი კრიტიკა არასდროს ყოფილა პიროვნების შეურაცხმყოფელი. დღეს კი მედიასაშუალებებში ვხედავთ ქუჩის ჟარგონებს, რაც წარმოუდგენელი ამბავია.

 

თუკი ჩვენ, ჟურნალისტები ადამიანში პოზიტივს არ დავინახავთ, ესე იგი პატივს არ ვცემთ საკუთარ პროფესიას. ჟურნალისტი არის სიყვარულის პროფესია, ჟურნალისტი ვერ იქნები, თუ ადამიანი არ გიყვარს. განა, იმიტომ აკრიტიკებ ვიღაცას, რომ გძულს, - ადამიანი რომ გიყვარს და შენი სამშობლო რომ გიყვარს, იმიტომ აკრიტიკებ მას, ვინც რაღაც დაუშავა კონკრეტულ ადამიანს ან შენს სამშობლოს! 

 

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ჟურნალისტიკა „მეოთხე ხელისუფლება“, როგორც მას წლების წინათ უწოდეს?

 

- ჟურნალისტიკა იყო მეოთხე ხელისუფლება, მაგრამ ახლა არის ინსტრუმენტი პოლიტიკოსების ხელში. ბეჭდურ მედიას არ ვეხები, აქ პლურალიზმის და დამოუკიდებლობის ხარისხი შედარებით მაღალია, მაგრამ მას არ ჰყავს დიდი აუდიტორია. არც რადიოა ჯერჯერობით პოლიტიკოსების მძაფრი ინტერესის საგანი და ამან გადაარჩინა, ისევე, როგორც ბეჭდური მედია, თუმცა, ამ უკანასკნელს ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი გადარჩენამდე და საბოლოოდ წელში გამართვამდე. ტელევიზიები მეოთხე ხელისუფლება კი არ არის, ტელევიზია პოლიტიკური კლასის ხელში მახვილია, - ისინი ჟურნალისტებით ხმალაობენ. ეს კი კატასტროფაა.

 

- დაბოლოს, რას ეტყოდით ახალბედა ჟურნალისტებს და მათ, ვინც მომავალში აპირებს ამ პროფესიის არჩევას?

 

- ახალგაზრდა ჟურნალისტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჟურნალისტობას ვერ ისწავლი, თუ ამ პროფესიის სიყვარული შინაგანად არა გაქვს. შეიძლება ისწავლო ხერხები, ისწავლო, როგორ გააკეთო სატელევიზიო პროდუქტი, როგორ გააკეთო გაზეთი... მაგრამ ჟურნალისტი რომ იყო, კალამი უნდა გიჭრიდეს, აზრის გადმოცემა უნდა შეგეძლოს, კარგი ზოგადი განათლება უნდა გქონდეს და მხატვრულ ლიტერატურას უნდა კითხულობდე იმისთვის, რომ გაგაჩნდეს სიტყვათა მარაგი. თუ თავისუფალი თემა არასდროს დაგიწერია და ამის მოთხოვნილება არ გაქვს, ასეთი ადამიანისგან ჟურნალისტი არ გამოვა. ლაპარაკი ერთია და საკუთარი აზრების ფურცელზე გადატანა - მეორე. კალამი და ფურცელი სხვა კულტურას აყალიბებს, გონება სხვანაირად მუშაობს, როდესაც ფურცელზე წერ.

 

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არასოდეს აირჩიოთ ჟურნალისტიკა პროფესიად, თუ არ გიყვართ ადამიანი, თუ ის თქვენთვის მხოლოდ სამიზნეა. დაიწყეთ ადამიანების სიყვარული თქვენი მშობლებით, ოჯახის წევრებით, მეგობრებით, მეზობლებით. თუ ადამიანზე ბრაზდებით და მისი გამეტება შეგიძლიათ, მაშინ თქვენგან ჟურნალისტი არ გამოვა. ჟურნალისტობა არის ბრძოლა, სადაც ღირსეული მებრძოლი უნდა იყო, რადგან აქ თუ რაინდი არა ხარ, - ხდები მკვლელი! ამას აკეთებენ კიდეც, რასაც სიტყვით მკვლელობა ქვია. ეს არის დღევანდელი ჟურნალისტიკის „პრივილეგია“, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს ადამიანის სიყვარულით.

 

ნონა ქარქაშაძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner