საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის წარმოდგენისას განაცხადა, რომ ახალი გზების გაჩენით, ქვეყანა დამატებით ეფექტს მიიღებს - გაჩნდება ახალი ტურისტული მარშრუტები - წრიული მარშრუტები.
„განუმეორებელი ეფექტის მოხდენა შესაძლებელი გახდება ისეთი გზების არსებობით როგორიცაა: ქუთაისიდან ქვემო სვანეთის გავლით ზემო სვანეთთან დაკავშირება და შემდგომ სამეგრელოს გავლით ქუთაისთან ან აჭარის რეგიონთან დაკავშირება, აჭარისა კი - სამცხესთან. ან არანაკლებ საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რაც ვფიქრობთ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. რადგან ამ მარშრუტებზე არის უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც საინტერესო იქნება ქვეყნის წარმოჩენისთვის.
მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000 კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა.
შედარებისთვის, 2013-2015 წლებში აშენდა 84 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2006-2012 წლებში აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. ხიდები - 2006-2015 წლებში აშენდა 150-მდე ახალი სახიდე გადასასვლელი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 300-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 100-მდე სახიდე გადასასვლელი აშენდება მხოლოდ რიკოთის უღელტეხილზე", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, 2006-2015 წლებში აშენდა 6 საავტომობილო გვირაბი.
„2016-2020 წლებში დაგეგმილია 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 40 საავტომობილო გვირაბი. დამატებით გაგრძელდება არსებული გზების რეაბილიტაცია. 2016-2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
ყოველწლიურად, სამშენებლო სამუშაოებზე საშუალოდ დასაქმდება 30-40 ათასამდე ადამიანი პირდაპირი გზით. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს; არის გათვლილი როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანურ, ადმინისტრაციულ რესურსზე და აბსოლუტურად რეალისტურია, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია, ზუსტად ვიცით, როდის რას ვიწყებთ, რა დროს უნდა დაიწყოს, რა დროს უნდა ჩაბარდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მთელი ეს რეალობა იქნება საქართველოში შექმნილი, რაც გარღვევა იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.