logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სივრცითი მოწყობის რეფორმის განხორციელების შედეგად, სრულიად ახალი ურბანული ცენტრები გაჩნდება
- +

16 სექტემბერი. 2016. 17:53



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგის წარდგენისას განაცხადა, რომ არსებული შესაძლებლობების სივრცეში დაკავშირება ნათლად ავლენს ქვეყნის ქსოვილში ეკონომიკის განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ხოლო ტერიტორიულ-ეკონომიკური თემატური კლასტერების არსებულ და დაგეგმილ სატრანსპორტო კარკასთან ინტეგრირება კი, პოზიციონირებას უკეთებს მიზიდულობის ცენტრებს - აძლიერებს არსებულებს და ქმნის ახლებს.


 

სივრცითი მოწყობის რეფორმის განხორციელების შედეგად, გაჩნდება სრულიად ახალი ურბანული ცენტრები, მიზიდულობის ცენტრები, ყველა წერტილში სისხლის და ჟანგბადის მიტანა და ცხოვრების მიმზიდველობის ზრდა უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოსახლეობისთვის და მომსახურებების მიტანა ყველა რეგიონში, რაც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია",- განაცხადა პრემიერმა.



მისივე თქმით, სივრცითი კარკასი შედგება რამდენიმე ღერძისგან.



ჩრდილოეთის ხერხემალი, ქუთაისზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც სატრანზიტო ხასიათის იქნება და უმნიშვნელოვანესი დანიშნულება ექნება დასავლეთ-აღმოსავლეთის ახალი კარკასი. სამხრეთის კარკასი, რომელიც სამხრეთის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის შედეგად იქმნება. ზოგიერთი მონაკვეთი, ოკუპაციის გამო სრულად ვერ იფუნქციონირებს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ეს შესაძლებელი გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სერიოზული ნაბიჯები, რათა ამ მიმართულებით ასევე გარღვევა და სერიოზული ცვლილება მოვახდინოთ შერიგების პროცესში. თუმცა, შეუძლებელია დღეს თქმა, დროის რა ინტერვალში მოხდება ეს. ძალიან მნიშვნელოვანი კარკასია ზღვისპირა მიმართულება - თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გამავალი ინფრასტრუქტურა", - განაცხადა პრემიერმა.



პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო უფრო ეფექტურად ჩაერთოს რეგიონულ ეკონომიკაში და მეტად იქნას გამოყენებული ის პოტენციალი, რომელიც მას ისტორიულად გააჩნია.



დღეს, კანონზომიერი მიდგომით, ეს შესაძლებელი გახდება. საერთაშორისო არტერიები ბაქო-სოფია, როსტოვი-თეირანი, მურმანსკი-ელ-კუვეიტი, ლონდონი-პეკინი - ეს ახალ საქართველოზე გამავალი გლობალური ეკონომიკური ღერძებია და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მიზიდულობის ცენტრი, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ გაცილებით ფართო მასშტაბით. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, გვყავს ძალიან ნიჭიერი ხალხი, გვაქვს ძალიან კარგი საერთაშორისო ურთიერთობები, გვყავს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელების მთავარი წინაპირობა - სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული საქართველოში. მხოლოდ ამ სტაბილურობის ფონზე იქნება შესაძლებელი ამ ძალიან მასშტაბური, საინტერესო, ამბიციური გეგმების განხორციელება. ამ დარბაზში მსხდომი ყველა ადამიანი და ყველა, ვინც ამ გამოსვლას მოისმენს და ნახავს, აუცილებლად იქნება ამ ძალიან საინტერესო გეგმის განხორციელების მნიშვნელოვანი მონაწილე და ამის გარეშე და იმ სინერგიის გარეშე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა შედგეს, ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნება. სწორედ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ჩვენ ქვეყნის თვისობრივი, ხარისხობრივი, ფიზიკური ცვლილებების გეგმის გარშემო გავაერთიანოთ ყველა ჩვენგანის ძალისხმევა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner