„ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბადრი ბასიშვილს სოფელ ფლავისმანში დაპირისპირება ადგილობრივებთან მოუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ბასიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი პლაკატების მათ კუთვნილ ღობეებზე გაკვრის საშუალება არ მისცა.
უწყების ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა და ადგილზე მათი მისვლის შემდეგ დაპირისპირება განიმუხტა.
„მიმდინარე წლის 17 სექტემბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ბადრი ბასიშვილი, სოფელ ფლავისმანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლების ღობეებზე „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ პლაკატებს აკრავდა. ამის საშუალება მას რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ არ მისცა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ბადრი ბასიშვილმა აღნიშნულის შესახებ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ და სიტუაცია განმუხტეს.
გამოკითხვისას მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატისთვის საარჩევნო პლაკატის გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრება არის და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის წარწერა იყოს გაკრული.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მედიამდივნის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გორში, „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს „ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მისი ინფორმაციით, სოფელ ფლავისმანში ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს და ყველაფერ ამას მალხაზ მეტრეველი ხელმძღვანელობდა.