„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საკრებულოს მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ლატარია პოლიტიკური მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს.
„არასოდეს დავუჭერ მხარს მარიხუანის ლეგალიზებას! ძალიან კარგად ვიცი ქუჩაც და ზოგადად, ახალგაზრდული მიდგომებიც და სწორედ მაგიტომაც ვიძახი, რომ მარიხუანის ლეგალიზება გამოიწვევს ახალგაზრდების დაღუპვას და არა სხვა - რამეს.
ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, თუ რამდენ ადამიანს დავხმარებივარ ნარკოტიკების „გადაგდებაში" და ახლა, როგორი ბედნიერები ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად... ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე, ჯანმრთელი და განათლებული ქართველები და არა - „დაბოლილები". მართალია, ყველას აქვს თავისი არჩევანის უფლება, მაგრამ ვინც აირჩევს გაბრუებულ ცხოვრებას, მათთვის იარსებებს სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც შეეძლებათ სწორი პარალელების გავლება - ჯანმრთელობა, სწორი აზროვნება თუ აღზნებული ტვინი.
მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, ვინც მანიპულირებს იმით, რომ მათ სურთ მარიხუანის ლეგალიზება, ჩემთვის ყველანი არიან ახალგაზრდების დამღუპველები და საკუთარი სკამის გამო ყველაფერზე წამსვლელები!
დეკრიმინალიზაციას აუცილებლად მივაღწევთ და არ იარსებებს ციხე იმათზე, ვინც მარიხუანას მოიხმარს, მაგრამ ლეგალიზება არის ქვეყნის გახრწნა და ჯოჯოხეთამდე მიყვანა!"-აღნიშნავს ირაკლი ლატარია.
შეხსენებისთვის: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ბურჭულაძემ „PalitraNews"-ის გადაცემაში „ჩემი კითხვა" გამოხატა.
„მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს აფთიაქებში. ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოვფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ამას გავხდით ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ასეა ავსტრიაში და მე ამას ვემხრობი. საერთოდ, ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა - რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.